CNBC - ვაშინგტონი ფილქნური წესით მოპოვებული ნავთობითა და ბუნებრივი აირით მსოფლიოს ენერგო-ინდუსტრიაზე დიდ გავლენას მოახდენს
ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. ფილქნური მეთოდით ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება თავისი სრული პოტენციით ჯერ არ ასახულა მსოფლიოს ენერგო-ინდუსტრიაზე. ამ მეთოდის უზარმაზარ გავლენას საერთაშორისო ბაზარი მომდევნო წლების მანძილზე იგრძნობს. ასეთ პროგნოზს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ფატიჰ ბიროლი აკეთებს.
ჩინეთის ეკონომიკის ტემპის ვარდნის გამო, ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა, რადგან ინვესტორები ვარაუდობდნენ, რომ ჩინეთის ეკონომიკის ტემპის შენელება ენერგო-რესურსებზე მოთხოვნას შეამცირებდა. ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების კარტელმა ოპეკმა და მისმა მეკავშირე მწარმოებელმა, ფასების დარეგულირების მიზნით, წარმოება 2019 წლის იანვრიდან დღეში 1.2 მილიონი ბარელით შეამცირეს. თუმცა, ფასები მაინც არ დაუბრუნდა მათთვის სასურველ დონეს, რადგან აშშ-მა ბაზარზე ნავთობის მიწოდება ძველი ტემპით გააგრძელა.
ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ აშშ-ის გავლენა მომდევნო წლებში კიდევ უფრო მძლავრი იქნება.
„თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ უკვე ვიხილეთ აშშ-ის ფილქნური რევოლუციის გავლენის შედეგები, ეს ადამიანი დიდ შეცდომას უშვებს. ფილქნური მეთოდის უზარმაზარ გავლენას ჩვენ კიდევ მრავალი წლის მანძილზე ვნახავთ“,- განაცხადა ბიროლმა ტელეკომპანია CNBC-ისთვის დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან მიცემულ ინტერვიუში.
ბიროლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობმომპოვებელი ქვეყნების უმეტესობამ წარმოება შეამცირა, 2019 წელს ფასები ისევ ვარდნის საფრთხის ქვეშ იქნება, რადგან აშშ თავის ფილქნურ საბადოებზე ტეხასსა და ნიუ მექსიკოში წარმოებას წინა წელთან შედარებით, 66 პროცენტით ზრდის. შესაბამისად, აშშ-ის გავლენა ნავთობის ბაზარზე ბევრად უფრო სწრაფი და შთამბეჭდავი იქნება.
ბიროლის პროგნოზით ნავთობის ფასი ბარელზე 90 დოლარამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ რამე მძიმე გეოპოლიტიკური პრობლემა აღმოცენდა.
ფილქნური მოპოვების წყალობით, აშშ გასულ წელს უკვე გახდა მსოფლიოში ნავთობის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ბოლო ანგარიშის მიხედვით, ის წელსაც შეინარჩუნებს ლიდერობას, რადგან მსოფლიოში ნავთობის ორი ლიდერი მომპოვებელი ქვეყანა საკუთარი ნებით ამცირებს წარმოებას.