Clearstream-ის ხელმძღვანელი - საქართველო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მხრივ რეგიონში ერთ-ერთი ლიდერია
საქართველო ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მხრივ, რაც განაპირობებს ქართული ფინანსური ინსტიტუტების მზარდ როლს რეგიონის ფინანსურ სექტორში, – ამის შესახებ საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, Clearstream-ის ხელმძღვანელმა, იან ვილემსმა ვაშინგტონში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ნათია თურნავასთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ Clearstream-ის ხელმძღვანელი კრისტიან როსლერი, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ლალიაშვილი.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქათველოს ეროვნული ბანკისა და Clearstream- ის თანამშრომლობას როგორც სავალუტო რეზერვების მართვის სფეროში, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ხელმისაწვდომობის ზრდაში. მათივე ცნობით, აღინიშნა ის პოზიტიური როლი, რომელსაც Clearstream-ი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებისთვის ქართულ ბაზარზე წვდომის გაადვილებაში ასრულებს.
ნათია თურნავამ აღნიშნა Clearstream-თან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ევროპის ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა და ასევე აქტიურია გლობალური მასშტაბითაც. მისივე თქმით, Clearstream-თან თანამშრომლობა საქართველოს ფინანსური სექტორის გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია და ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონის ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბებას.
„მხარეებმა გამოთქვეს მზაობა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით ახალი ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით უცხოელი ინვესტორებისთვის სახსრების დაბანდების რისკის შემცირებისა და ინვესტირების პროცესის გაადვილების კუთხით“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.