ცხვირში ღეროვანი უჯრედების შესხურების შემდეგ თაგვებს დაკარგული ყნოსვა აღუდგათ
წარმოიდგინეთ მარტივი და ეფექტიანი სამკურნალო საშუალება, რომელიც ყნოსვის შეგრძნებას დაუბრუნებს ადამიანებს, რომლებმაც ის დაკარგეს ან არასოდეს ჰქონიათ. ერთ მშვენიერ დღეს, ასეთი საშუალება შესაძლოა, მართლაც გამოჩნდეს — როგორც თაგვებზე ჩატარებული კვლევების ადრეული შედეგები აჩვენებს, რომ ღეროვანი უჯრედების გამოყენებით ხელახლა აღდგა ყნოსვის ნერვები.
სფეროსებრი ბაზალური უჯრედების გამოყენებით, რომლებიც ბუნებრივად ანაცვლებს ყნოსვასთან დაკავშირებულ დაზიანებულ ან დაბერებულ ნეირონებს, მეცნიერებმა ტვინში მთლიანი ნერვული უჯრედები განავითარეს.
საბოლოოდ, ღეროვანი უჯრედების რამდენიმე შესხურებით, თაგვის ტვინში ხელახლა დააკავშირეს ყნოსვის სიგნალების მმართველი აქსონები. ჯერ კიდევ დიდი დროა იქამდე, ვიდრე მსგავს მეთოდს ადამიანებშიც გაიმეორებენ, მაგრამ შედეგები ძალიან იმედისმომცემი ჩანს.
კვლევის ავტორის, მაიამის უნივერსიტეტის ოტორინოლარინგოლოგის, ბრედლი გოლდშტაინის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ყნოსვის შეგრძნება უჯრედებზე დაფუძნებული თერაპიით აღდგა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო, რათა იგივე შედეგები ადამიანებშიც გამეორდეს, მაგრამ ყველანაირი მტკიცებულება მიუთითებს, რომ კვლევები ამად ღირს.
გოლდშტაინი და მისი კოლეგები მუშაობდნენ თაგვებთან, რომლებიც გენეტიკურად ისე იყვნენ მოდიფიცირებული, რომ ყნოსვის შეგრძნება დაეკარგათ. კონკრეტულად კი მათ არ ჰქონდათ გენი IFT88, რის გამოც თაგვის უჯრედებში არ არის წამწამა — თმის მსგავსი ციცქნა სტრუქტურა, რომელიც სუნს აფიქსირებს.
მას შემდეგ, რაც სფეროსებრი ბაზალური უჯრედები შეიყვანეს და ყნოსვით ეპითელიუმში (ცხვირის ღრუ) სრულად მომწიფებული ყნოსვის შემგრძნობი ნეირონები განვითარდა, თაგვს ყნოსვის შეგრძნება დაუბრუნდა.
გოლდშტაინის განცხადებით, არსებობს მრავალი მტკიცებულება, რომ ყნოსვის ნეირონების დაკარგვის ან წარუმატებელი ჩანაცვლება იწვევს ყნოსვის შეძენილი დაკარგვის მრავალ ფორმას.
გამომდინარე აქედან, მათ აინტერესებდათ შეემოწმებინათ ის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ნეირონების ჩასანაცვლებლად შესაძლებელი უნდა ყოფილიყო უჯრედებზე დაფუძნებული თერაპია.
მკვლევრები საკმაოდ გაოცებული დარჩნენ, როცა გაირკვა, რომ უჯრედები მყარად ჩაინერგა უბრალო ცხვირის წვეთების შესხურების გზით.
აშშ-ში მოსახლეობის 12 პროცენტს სუნის შეგრძნებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ძირითადი მიზეზებია ასაკი, გენეტიკური აშლილობა ან გარკვეული სახის დაზიანება. ეს გახლავთ თითქმის 40 მილიონი ადამიანი, რომელთათვისაც ამჟამად სამკურნალო საშუალება არ არსებობს.
როგორც ჩანს, ამ პრობლემათაგან მრავალი დაკავშირებულია ყნოსვით ეპითელიუმთან და მისი ქსოვილის საფართან. ღეროვანი უჯრედების მეთოდის ადამიანებზე შემოწმებამდე, მეცნიერები მის გვერდით ეფექტებს შეამოწმებენ.
სუნის ჯანსაღი შეგრძნება არა მარტო ამდიდრებს და ახალისებს ცხოვრებას, არამედ ერთგვარი გამაფრთხილებელი სისტემაა, მაგალითად, თუნდაც გაფუჭებული საჭმლისა და გაზის გაჟონვის შემთხვევებში.
კვლევა ჟურნალ Stem Cell Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.