საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ცხრა წლის დაჩი გულუას წერილს უპასუხა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ბავშვის დედამ, ნათია ანასტასიადმა განუცხადა.
„სამინისტროს წარმომადგენლები უკვე დაგვიკავშირდნენ და შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება. მას მეც დავესწრები. მინისტრიც თავად დაუკავშირდა დაჩის მეორე დღესვე და ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა. ახლა დაჩი მინისტრთან შესახვედრად ემზადება, იძიებს მასალას, რათა მისი იდეა უფრო ვრცლად გააცნოს შეხვედრაზე“, – განაცხადა ნათია ანასტასიადმა.
ცხრა წლის დაჩი გულუა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურების დატანას სთხოვს.
დაჩი გულუამ გიორგი გახარიას წერილით მიმართა, რომელსაც ბავშვის დედამ, ნათია ანასტასიადმა „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა:
„ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, ცხრა წლის. შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვთ, საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ“.