ცხრა უკრაინული პოლიტიკური პარტია მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ითხოვს
ცხრა უკრაინული პოლიტიკური პარტია მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ითხოვს.
„ახალი ძალების მოძრაობამ“, „დემოკრატიულმა ალიანსმა“, „სამოქალაქო პოზიციამ“, „სახალხო კონტროლმა“, „უკრაინის ევროპულმა პარტიამ“, „ბატკივშინამ“, „სამოპომოშ“, „სვობოდამ“ და „ხვილიამ“ შესაბამისი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
„ვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების უზრუნველყოფას და მისთვის უკრაინულ სასამართლოებში საკუთარი უფლებებისა და ღირსების დაცვის საშუალების მიცემას, უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. მოვუწოდებთ მსოფლიო ლიდერებსა და დიპლომატებს, მისცენ პრინციპული შეფასება პოლიტიკურ რეპრესიებს, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება მიმართავს“, – ნათქვამია პოლიტიკური პარტიების განცხადებაში.
ზემოთ ჩამოთვლილი პარტიები მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გაძევებით უკრაინის ხელისუფლება ახორციელებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, არღვევს ადამიანის უფლებებსა და უკრაინის საერთაშორისო რეპუტაციას ლახავს. ამასთან, განცახდებაში აღნიშნულია, რომ ყველა საჯარო მოხელემ, რომელმაც პოლიტიკოსის გაძევებისას კანონი დაარღვია, სასამართლოს წინაშე უნდა აგოს პასუხი.