ცხრა მოსამართლე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს - ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციისა თუ კრიტიკის გაზიარება იმ დემოკრატიის ნაწილია, რომლის შექმნაც სასამართლო სისტემაში გვსურს
ცხრა მოსამართლე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საჯაროდ სურთ, დააფიქსირონ ერთობლივი პოზიცია ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების განცხადებების წინააღმდეგ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით.
„ჩვენ, ამ განცხადებაზე ხელმომწერი მოსამართლეები, სოციალურ ქსელში გავრცელებული მოსაზრებების მიმართ გამოხატული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, საჯაროდ დავაფიქსიროთ ერთობლივი პოზიცია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების განცხადებების წინააღმდეგ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით. აქვე ღიად ვაფიქსირებთ ნებისმიერი ჩვენი კოლეგის განსხვავებული მოსაზრების მიმართ პატივისცემას. ვემიჯნებით პოლიტიკური შინაარსის ნებისმიერ განცხადებას, მათ შორის, სასამართლოს განვითარების გეგმასთან დაკავშირებით.
საქართველოსთვის, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნისთვის, სასამართლო ხელისუფლება ის შტოა, რომლის მყარ და თანმიმდევრულ განვითარებაზეა დამოკიდებული ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება. რეფორმების გრძელ და ქარტეხილიან გზაზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უამრავი რესურსი და ენერგია ჩაიდო უკეთესი სასამართლოს შექმნისთვის. მათი გამოცდილება, ხელშეწყობა და წვლილი, ვიაროთ ევროინტეგრაციის მიმართულებით, შეუფასებელია. სასამართლოს დამოუკიდებლობა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე დგას. ამიტომ, ინდივიდუალური მოსამართლის გასაძლიერებლად ნაბიჯების გადადგმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მეტი დემოკრატიის შემოტანა მართლმსაჯულების ადმინისტრირების პროცესში, თავისუფალი ხმის წახალისება ის მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, რომელიც ყველა მოსამართლეს გააძლიერებს. ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, ღიად გამოვხატოთ ჩვენი საერთო მოსაზრება, რათა საზოგადოების მხრიდან არ იყოს აღქმული, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას საქართველოს ყველა მოსამართლე იზიარებს.
მიგვაჩნია რომ „მოსამართლე მოსამართლის დამოუკიდებლობისათვის“ შენების გზაზე აშშ-ს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სხვა ჩვენი ერთგული პარტნიორების გამოცდილების, რჩევების, რეკომენდაციისა თუ კრიტიკის გაზიარება იმ დემოკრატიის ნაწილია, რომლის შექმნაც ჩვენ სასამართლო სისტემის შიგნით გვსურს. ამ მიმართებით კი საერთაშორისო პარტნიორების დახმარება ფასდაუდებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. განცხადება ღიაა ნებისმიერი მსურველისათვის ხელმოსაწერად.
განცხადებას ხელს აწერენ: არეშიძე ეკა; ბაქაქური ნინო; გასიტაშვილი ეკატერინე; დარბაიძე ლევანი; კიკვაძე ციცინო; მაისურაძე მადონა; მესხიშვილი ქეთევანი; წიკლაური მამუკა; ხაჟომია თამარი.