ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ნეიტრალიტეტს არღვევს და ისინი ჟენევაში ვერ ჩავლენ
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობის კუთხით პრობლემები ექმნებათ, თუმცა მზად არიან, მოლაპარაკება სხვა ნებისმიერ ნეიტრალურ ადგილას გაიმართოს.
„შვეიცარია აგრძელებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ამ ქვეყნის მიერ დეკლარირებულ ნეიტრალურ სტატუსთან, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უერთდება, როდესაც შეზღუდვები უწესდებათ იმ პირებს, ვისაც რუსული პასპორტი აქვთ აღებული სოხუმსა და ცხინვალში მდებარე რუსეთის საელჩოებში. ცხადია, ეს ბევრ კითხვებს აჩენს და ჩვენთვის სულ უფრო რთულია ჟენევაში ჩაღწევა“, – ამბობს კოჩიევი კომენტარში, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარ ტასი“ წერს, ცხინვალში ამტკიცებენ, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გასამართი ადგილის ცვლილების საკითხი კოვიდპანდემიის დროიდან გაჩნდა.
როგორც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველი კონსტანტინ კოჩიევი ამბობს, „რუსეთის, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დელეგაციები კოვიდპანდემიის დროს შვეიცარიის მხრიდან დისკრიმინაციას წააწყდნენ, რადგანაც მათ ყოველდღიურად აიძულებდნენ ტესტების გაკეთებას სპეციალურ დაწესებულებებში“.
„შემდგომში ევროპის ქვეყნებმა შემოიღეს შეზღუდვები საავიაციო სფეროში, რომელთა გამოც დელეგაციები იძულებულები არიან, ჟენევაში მესამე ქვეყნების გავლით, გადასხდომებით მოხვდნენ. შედეგად, აეროპორტებსა და თვითმფრინავებში ხანგრძლივად გვიწევს ყოფნა“, – ამბობს კოჩიევი.