ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული გიორგი ხარაზიშვილი აცხადებს, რომ ოკუპანტების მიერ დაკავებული ხუთი ახალგაზრდა თავს კარგად გრძნობს
საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ჭვრინისიდან გატაცებული და დღეს გათავისუფლებული 62 წლის გიორგი ხარაზიშვილი ამბობს, რომ ცხინვალის იზოლატორი ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვა. როგორც მან პირველ არხს განუცხადა, ე.წ საზღვრის უკანონო კვეთისთვის დადგენილი 2000 რუსული რუბლი მისმა ნათესავებმა გადაიხადეს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
პირველ არხთან საუბრისას გიორგი ხარაზიშვილმა აღნიშნა, რომ ცხინვალის იზოლატორში ყოფნისას თრუსოს ხეობაში გზააბნეული და ოკუპანტების მიერ დაკავებული ხუთი ახალგაზრდის შესახებაც ფლობს ინფორმაციას.
„სამი ბიჭია და ორი გოგო. ცალ-ცალკე კამერაში ვიყავით. როგორც გავიგე, თავს ნორმალურად გრძნობენ. თქვეს, რომ მთაში დააკავეს, როცა გზა აერიათ“, – აღნიშნა გიორგი ხარაზიშვილმა.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირის გათავისუფლება ხვალისთვის
იგეგმება.