ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წითელი ჯვრის ორგანიზაციას გადასცა
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგელებს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადასცა, – ინფორმაციას ამის შესახებ „სპუტნიკ ოსეტია“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ე.წ. პროკურატურამ წითელი ჯვრის წარმომადგენლებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც გადასცა.
ცხედრის გადაცემა ცხინვალის მორგში შედგა. შესაბამისი დოკუმენტების გაფორმების შემდეგ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის წითელი ჯვრის ოფისის წარმომადგენლებმა ტატუნაშვილიც ცხედარი ერგნეთში თავიანთ კოლეგებს გადასცეს.
„რუსეთის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნაში ნათქვამია, რომ ტატუნაშვილი გარდაიცვალა გულის მწვავე უკმარისობის შედეგად, რომელიც მწვავე იშემიური მიოკარდის შედეგად განვითარდა. გარდა ამისა, მას ღვიძლის ცეროზი და ქრონიკული ჰეპატიტი ჰქონდა“, – განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პროკურატურის წარმომადგენელმა.
გარდა ამისა, ე.წ. პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ტატუნაშვილის სხეულზე, ქვედა და ზედა კიდურებზე არის დაზიანებები, რომლებიც კვალიფიცირდება როგორც ჯანმრთელობისთვის მსუბუქი ზიანის მიყენება.