ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დახმარების თხოვნით რუსეთის პარლამენტს მიმართავს
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დახმარების თხოვნით რუსეთის პარლამენტს მიმართავს

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება დახმარების თხოვნით რუსეთის პარლამენტს მიმართავს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმისადმი მიმართვა მიიღეს, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ სოფელ წნელისთან ბლოკპოსტის დადგმის გამო.

„სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე, სადაც მდებარეობს ტალკის, მარმარილოს, სერპენტინიტის, კერამზიტის უმდიდრესი ბუნებრივი საბადოები, ქართული მხარის მიერ კონტროლის დამყარება რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას უწყობს ხელს”, – ნათქვამია ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიმართვაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ფარგლებში დაძაბული ვითარების მშვიდობიანი განმუხტვის მცდელობები „ქართული მხარის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო“ წარუმატებელია.

ამასთან ერთად, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ევროკავშირს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს, რაც ძალის გამოუყენებლობის პრინციპის გარანტიის უზრუნველყოფას გულისხმობს. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პარლამენტის მიმართვაში აღნიშნულია, რომ რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის 2005 წლის 18 მარტს გაფორმებული შეთანხმება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ გულისხმობს შეთანხმებული საგარეო პოლიტიკის გატარებას, რაც „კავკასიის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას ითვალისწინებს“.

„აღნიშნული გარემოებები აიძულებს სამხრეთ ოსეთის პარლამენტს, მიმართოს თხოვნით რუსეთის ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო დუმას, დაეხმაროს რუსეთის ფედერაციას და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების მეორე მუხლის შესრულებაში, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაცია საკუთარ თავზე იღებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მათ შორის სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვას“, – ნათქვამია მიმართვაში.

ამასთან, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტი რუსეთის პარლამენტის ორივე პალატას მიმართავს თხოვნით, გაიმართოს პარლამენტთაშორისი კონსულტაციები ერთიანი პოლიტიკის შესამუშავებლად, რომელიც ხელს შეუწყობს „დაძაბულობის დეესკალაციას, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას“.