ცხენისა და ვირის ხორცის საქონლის ხორცის სახით რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი ამხილეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი ამხილა. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სხვადასხვა რეგიონში დაბალ ფასში იძენდნენ ცხენისა და ვირის ტანხორცს, რომლის ტრანსპორტირებაც ხდებოდა ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე კუსტარული წესით მოწყობილ ე. წ. ბოინში, სადაც ყოველგვარი რეგისტრაციისა და სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე, ახდენდნენ ცხენისა და ვირის ხორცის დარბილება-დამუშავებას და მის შემდგომ რეალიზაციას ბაზრობებზე და სხვადასხვა კვების ობიექტებზე საქონლის ხორცის სახით“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბაზრობაზე, ასევე რამდენიმე ობიექტზე ამოღებულია დიდი ოდენობით ხორცი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს ცხენის და ვირის დნმ-ს. ასევე ე.წ. ბოინში აღმოჩენილი იქნა ცხენისა და ვირის სხეულის ნაწილებიც.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.