ცხარე კამათი თაკო ჩარკვიანსა და სოფო ხორგუანს შორის - „ჩვეულებრივი მატყუარა ხართ“
საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ თაკო ჩარკვიანსა და სოფო ხორგუანს შორის ცხარე კამათი გაიმართა.
სოფო ხორგუანმა პარტია „კანონი და სამართალის“ წარმომადგენელს, თაკო ჩარკვიანს მატყუარა უწოდა.
„ქალბატონო თაკო, თქვენ თქვით, რომ პირდაპირ ეთერში ტყუილს არ იტყოდით. თქვენ „პალიტრის“ პირდაპირ ეთერში, წინასაარჩევნოდ იკადრეთ და ასეთი რამ თქვით, სოფო ხორგუანი ეუთო-ში მუშაობდა, მასთან დახმარების სათხოვნელად სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე მივიდა და არ დაეხმარაო. არასოდეს მიმუშავია ეუთო-ში“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.
თაკო ჩარკვიანმა არ უარყო ეს ინფორმაცია.
„თქვენ არ მუშაობდით, ბრძანდებოდით ეუთო-ში და გიმეორებთ ახლაც, თქვენ ჩვენი განცხადება არაფრად ჩააგდეთ. თქვენ არ გიმუშავიათ ეუთო-ში, იყავით დელეგაციაში“, – მიმართა ჩარკვიანმა ხორგუანს.
სოფო ხორგუანის თქმით, ის არა ეუთო-ში, არამედ გაერო-ში მუშაობდა.
„2005 წელს გაერო-ს დამკვირვებელთა მისიაში ვმუშაობდი, აფხაზეთში დავდიოდი. თქვენ ხართ მატყუარა, ჩვეულებრივი მატყუარა“, – აღნიშნა ხორგუანმა.
თაკო ჩარკვიანმა სოფო ხორგუანს უტიფარი უწოდა.
„სოფო, არ დაგითმობთ არაფერს, თქვენ გრცხვენიათ თქვენი საქციელის, რადგან მუდამ დახტიხართ პარტიიდან პარტიაში. ინდაური გავუშვით მაშინ სოზარ სუბართან პროტესტის ნიშნად, ახლა მომაგონდა.
ეს ეუთო-ს მოადგილე იყო და თავხედურად მელაპარაკება გირგვლიანზე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.