მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელიც დაკავებულია ციტრუსების მოყვანით უნდა იცოდეს, რომ ციტრუსოვანი კულტურების დაზღვევის პროცესი უკვე დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ ფერმერებს მოუწოდა, არ დაელოდონ ამინდის გაუარესებას და დროულად დააზღვიონ მოსავალი.
„გასულ წელს ჩვენ გვქონდა შეფერხება და ცოტა მოგვიანებით დავიწყეთ. ახლა კი, პროცესი რეალურად დაწყებულია და მინდა მივმართო მათ, რომ ნუ დაელოდებიან ამინდის გაუარესებას და რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედონ.
სახელმწიფო მზად არის, გამოყოფილია შესაბამისი რესურსი თანამონაწილეობისთვის, ეს არის 70 პროცენტიანი თანადაფინანსება, ბენეფიციარი კი იხდის მხოლოდ 30 პროცენტს. უმორჩილესი თხოვნაა, რაც შეიძლება ოპერატიულად გაატარონ ის დაზღვევის კამპანია, რომლითაც უნდა მივიღოთ დაზღვეული ფერმერი ყოველგვარი სტიქიური პრობლემების დროს, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ, ყოველ წელს დგება. დაზღვევა ძირითად რისკებს ფარავს, იქნება ეს ქარიშხალი, ყინვა და ა.შ. დროულად დაზღვევა არის იმის წინაპირობა, რომ მოულოდნელი ყინვისგან ან სხვა მსგავსი გაუთვალისწინებელი ფაქტორებისგან ჩვენი ფერმერები დაზღვეულები იქნებიან“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.