თბილისში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა იწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის განხორციელება დაახლოებით 2 მლნ 700 ათასი ლარი დაჯდება და დასრულებას ხუთი თვე დასჭირდება.
მისივე თქმით, მოეწყობა ორდონიანი კვანძი, გზაგამტარი, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას.
„ასეთი პროექტები მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანების კომფორტი, მოქალაქეების ურბანული საჭიროებები მოწესრიგებული იყოს ქალაქში. ჩვენ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება გვაქვს დაწყებული, თუმცა მგონია, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. შეიძლება გაჩნდეს კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ნამდვილად ვერ დავრჩებით ისე, როგორც იყო 50 წლის წინ, როცა რამდენიმე მანქანა დადიოდა დედაქალაქში. შესაბამისად, გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. რა თქმა უნდა, მხოლოდ ახალი კვანძების მშენებლობით სატრანსპორტო პრობლემებს და საცობებს ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია საცობების პრობლემის მოსაგვარებლად. როდესაც ვსაუბრობთ ქალაქის საჭიროებებზე, შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული მშენებლობების შეჩერება, მოგვიწიოს ნებართვების არგაცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების უკმაყოფილება, შეიძლება მოგვიწიოს ხეების გადარგვა ან მოჭრა, თუმცა ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი”,- განაცხადა კალაძემ.