ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახლად მოწყობილ სკვერს სატრენაჟორო სივრცეც დაემატება
ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, სატრანსპორტო კვანძთან მდებარე ახლად მოწყობილ სკვერთან ტრენაჟორებიც დაიდგმება. აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოქალაქე სპარტაკ ბაგალაშვილის თხოვნის საპასუხოდ, ვიდეოდიალოგის ფორმატში გააკეთა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
კახა კალაძის თქმით, თუ გამგეობას ამის შესაძლებლობა არ აქვს, თბილისის მერია მზად არის, ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში.
„ცინცაძე-კარტოზიას სატრანსპორტო კვანძთან ახლო ძალიან ბევრი გამწვანების სამუშაო განხორციელდა და ძალიან ლამაზი სივრცე შეიქმნა, სადაც იქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩამოვიდნენ და დაისვენონ. იქვე, გვერდით არის ადგილი, რომელიც საკმაოდ მოუწესრიგებელი იყო და შეიძლება ამ პროექტის განხორციელება, დავაყენოთ ტრენაჟორები, რომ ადამიანებს ვარჯიშის შესაძლებლობაც მიეცეთ. თუ გამგეობა ამას ვერ მოახერხებს, თბილისის მერია მზად არის, ჩაერთოს ამ პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის მოსახლეობასთან ვიდეოდიალოგს დედაქალაქის მერი ვიცე-მერთან და ხუთ გამგებელთან ერთად წარმართავს. პირდაპირი ჩართვა კახა კალაძის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მიმდინარეობს.