„ციფრული ბაზრების აქტის“ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით, ევროკომისია Apple-ის, Google-ის და Meta-ს წინააღმდეგ გამოძიებას დაიწყებს
„ციფრული ბაზრების აქტის“ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით ევროკომისია Apple-ის, Google-ის და Meta-ს წინააღმდეგ გამოძიებას დაიწყებს.
ევროკომისიაში ვარაუდობენ, რომ ზემოთ აღნიშნული სამი კომპანიის მიერ მიღებული ზომები არ შესაბამება სამართლიანი კონკურენციის შესახებ რეგულაციებს. რეგულაცია, რომელიც ევროკავშირში 7 მარტიდან შევიდა ძალაში, ავალდებულებს პლატფორმებს, რომლებიც მომხმარებლებს ისეთ მომსახურებას სთავაზობენ, როგორებიცაა საძიებო სისტემები, სოციალური ქსელები, მიმოწერის აპლიკაციები, უზრუნველყონ თანაბარი პირობები კონკურენტებისთვის და მეტი არჩევანი მომხმარებლებისთვის.
აღნიშნული რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, კომპანიას თავისი გლობალური ბრუნვის ათი პროცენტის ოდენობის ჯარიმა ემუქრება. კერძოდ, ევროკავშირის მარეგულირებელი უწყება შეისწავლის Google Play-ის და Google-ის საძიებო სისტემის, App Store-ის მართვის წესებს, ასევე Meta-ს „გადახდის ან თანხმობის“ მოდელს. ევროკომისიაში შეისწავლიან Meta-ს ახალ სერვისს, რომელიც გასული წლის ბოლოს ამოქმედდა და ევროპაში მომხმარებლებს, გადასახადის სანაცვლოდ, რეკლამისგან თავისუფალ სოციალურ ქსელს სთავაზობს.
ბრიუსელში აღნიშნავენ, რომ კომპანიამ უნდა შესთავაზოს მომხმარებელს უფასო ალტერნატიული ვარიანტები. ანალოგიურად, გარკვეული ფასიანი მომსახურება ამოქმედებული აქვს Google-სა და Apple-ს.
ევროკომისიამ გამოძიების შედეგები ერთი წლის ვადაში უნდა წარადგინოს.