ციცქნა ბაყაყები მტაცებელთა შესაშინებლად მძლავრ ულტრაბგერებს გამოყოფენ, რასაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს — #1tvმეცნიერება
ბრაზილიის ატლანტიკური ტროპიკული ტყე სავსეა პაწაწინა, გამაყრუებლად მკივანი ამფიბიებით, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთი მათგანის ხმა უბრალოდ არ გვესმის.
პირველად ისტორიაში, მკვლევრებმა ჩაიწერეს, როგორ ყიყინებენ იქ ბინადარი ბაყაყები სიხშირეში, რომელსაც ადამიანის ყური საერთოდ ვერ აღიქვამს, მაგრამ ეს ხმა შეიძლება სავსებით უსიამოვნო იყოს იმ ცხოველთათვის, რომელთა ყურებიც ამ სიხშირეზეც არის მორგებული.
ამ ტყეში ბაყაყის ყველაზე გავრცელებული სახეობაა ფოთლის ბაყაყი (Haddadus binotatus). ისინი სულ ერთი ციცქნები არიან. მათ შორის ყველაზე დიდები დედლები იზრდებიან, მაგრამ ისინიც ძლივს აღწევენ სიგრძეში 64 მილიმეტრს.
როცა თავს ვინმე ესხმით, წინააღმდეგობის გაწევა დიდად არ შეუძლიათ და ამიტომ, ყვირილს იწყებენ — თავდაცვის მიზნით გამოყოფენ ულტრაბგერებს.
აქამდეც ცნობილი იყო, რომ ზოგიერთი ბაყაყი გასაჭირში ყოფნისას განგაშის მიზნით ყიყინს იწყებს. ზოგიერთი კვლევა მიუთითებდა მათ მიერ ულტრაბგერის გამოყოფის უნარზეც, რაც ამ ახალმა კვლევამ დაადასტურა.
„ამფიბიებზე მონადირე ზოგიერთ მტაცებელს, მაგალითად, ღამურებს, მღრღნელებსა და პატარა პრიმატებს, ამ სიხშირეში ბგერების გამოყოფა და აღქმა შეუძლიათ, რაც ადამიანებს არ ძალუძთ“, — ამბობს ბრაზილიის კამპინას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქცევის ეკოლოგი უბირატან ფერეირა სოუზა.
მისი განცხადებით, მათი ჰიპოთეზის მიხედვით, უბედურების ხმები ზოგიერთი ასეთი ცხოველისკენ არის მიმართული, მაგრამ შეიძლება ისეც იყოს, რომ ფართო სიხშირული დიაპაზონით მათ რაც შეიძლება მეტი მტაცებლის შეშინება სურდეთ.
ყიყინი მთელი რიგი თავდაცვითი ქცევების ნაწილია, რა დროსაც, ფოთლის ბაყაყი სხეულის წინა ნაწილს მაღლა სწევს, პირს დიდად აღებს, შემდეგ ნაწილობრივ ხურავს და გამყინავ კივილს იწყებს.
ადამიანის ყური მხოლოდ 20 კილოჰერცის ქვემოთ სიხშირეს აღიქვამს. სოუზას ჯგუფის მიერ ჩაწერილი ხმების სიხშირე კი 7-დან 44 კილოჰერცამდე მერყეობდა.
მათი აზრით, სიხშირეთა ეს ფართო დიაპაზონი, ბაყაყის პოზასთან ერთად, მიზნად ისახავს სხვა მრავალი მტაცებლის შეკავებას. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი მძლავრი ხმები მსოფლიოს სხვა ნაწილებში სხვა ბაყაყებშიც არის დაფიქსირებული, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს ქცევა მათში შეიძლება იმაზე მეტად იყოს გავრცელებული, ვიდრე გვგონია.
„გამომდინარე იქიდან, რომ ბრაზილიაში მსოფლიოში ყველაზე დიდია ამფიბიათა მრავალფეროვნება (აღწერილია 2000-ზე მეტი სახეობა), სულაც არ იქნება გასაკვირი, რომ ამ სიხშირეებში ხმებს სხვა ბაყაყებიც გამოყოფდნენ“, — ამბობს კამპინას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგი მარინა რეტუსი პონტისი.
მკვლევართა განცხადებით, უცნობია, ზუსტად რა მექანიზმით აკავებს ყვირილი მტაცებლებს, მაგრამ სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს მათი პირდაპირ შეშინება ან ამ მტაცებელთა ბუნებრივი მტრების მოზიდვა.
მაგალითად, ამ ხმამ შეიძლება მოიზიდოს ბუ, რომელიც ბაყაყზე თავდამსხმელ გველს დაესხმება თავს.
კვლევა acta ethologica-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.