CIA-ს დირექტორი - ტრამპის შესაძლებლობებს კითხვის ნიშნის ქვეშ ისინი აყენებენ, ვინც არჩევნებში მის გამარჯვებას ისევ ვერ ეგუება
პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის შესაძლებლობებს კითხვის ნიშნის ქვეშ ისინი აყენებენ, ვინც 2016 წლის არჩევნებში მის გამარჯვებას ჯერ კიდევ ვერ ეგუება, – ამის შესახებ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.
ტრამპის შესაძლებლობებისა და მის მიერ დაკავებული პოსტის შესაბამისობის შესახებ დისკუსია შეერთებულ შტატებში მას შემდეგ განახლდა, რაც მაიკლ უოლფის წიგნმა დღის სინათლე იხილა. ამერიკელი ესეისტისა და ჟურნალისტის ახალმა წიგნმა, სახელწოდებით „ცეცხლი და მძვინვარება – ტრამპის თეთრი სახლი“ ვაშინგტონში მღელვარება გამოიწვია.
ავტორი ამ დრომდე უცნობ ფაქტებს აღწერს, რომელიც მან ანონიმური წყაროებისა და ტრამპის გარემოცვის წევრების საშუალებით მოიპოვა.
დოკუმენტური პროზაული ნაწარმოები 200 ინტერვიუს აერთიანებს. წიგნის მიხედვით, „ტრამპის ინტელექტუალური შესაძლებლობები ძალიან დაბალია, მას არ შეუძლია აშშ-ის პრეზიდენტობა, ის არ კითხულობს, არ ისმენს, ის სრულიად არ არის ცნობისმოყვარე“.
Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, პომპეო აღნიშნავს, რომ ტრამპის გარშემო კითხვის ნიშნები სასაცილოა.
„ეს კითხვები მოდის იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ შეეგუვნენ იმ ფაქტს, რომ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტია. მე ისინი მეცოდებიან“, – განაცხადა პომპეომ.
მისი თქმით, პრეზიდენტი ჩართულია ყველა პრობლემის გადაწყვეტაში, იაზრებს ყველა საკითხის სირთულეს.
„ის რეალურად სიღრმისეულ შეკითხვებს სვამს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, ითხოვს ჩვენგან მასალებს, რომლებიც მას რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებების საფუძვლიანად გასააზრებლად და მისაღებად სჭირდება“, – განაცხადა პომპეომ.