წინასაექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი „დემირელის“ კოლეჯის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, საქართველის პირველ ლედი მაკა ჩიჩუას, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშს და უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს ღია წერილით მიმართავს.
თუბა ჩაბუქს, როგორც წერილში აღნიშნავს, წერილის ადრესატებთან შეხვედრა სურს.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„თუბა ჩაბუქის წერილი ქართველ ქალებს – მოგესალმებით და მოგმართავთ საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქე, პედაგოგი თუბა ჩაბუქი. ამჟამად წინასაექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე.
ჩვენ უკვე 15 წელია საქართველოში ვცხოვრობთ და გვყავს ორი არასრულწლოვანი ვაჟი. წლების მანძილზე ჩემი მეუღლე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ბოლო პერიოდში იგი იყო დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის დამფუძნებელთა საბჭოს მინდობილი პირი საქართველოში.
2002 წლიდან მუსტაფა ემრე ჩაბუქი აქტიურად მონაწილეობდა ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის საგანმანათლებლო პროექტებში, მათ შორისაა საქართველოში ყველაზე გახმაურებული საგანმანათლებლო პროექტი IYIPO (ნორჩ მეცნერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა), რომლის ფარგლებშიც 10წლის მანძილზე 50-ზე მეტი ქვეყნის ასობით ახალგაზრდა მეცნიერი სტუმრობდა საქართველოს.მუსტაფა ემრე ჩაბუქის ხელმძღვანელობით 2007 წლიდან დღემდე ტარდება ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მოსწავლეებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია. იგი აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაშიც, 13 ივნისის ტრაგედიისას ყველაფერს აკეთებდა, რომ მოსახლეობას დახმარებოდა, უფრო მეტიც….ფიზიკურად იყო ჩართული ფიზიკურ საქმიანობაში.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს იგი სტამბოლში იმყოფებოდა. 7 აგვისტოს მან შეწყვიტა შვებულება და საქართველოში დაბრუნდა.დედას კი ასე დაუბარა: „მე ასეთ რთულ დღეებში ქართველი ხალხის გვერდით უნდა ვიდგე!ჩემი ადგილი საქართველოშია!“ 24 მაისის დილასაც მარნეულის ქართულ სკოლაში მიიჩქაროდა, თუმცა იგი სახლთან დააკავეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებითა და თურქეთში ექსტრადიციის მოთხოვნით.
„15 წელია საქართველოში ვარ და ერთგულად ვეწევი საგანმანათლებლო საქმიანობას. ცხოვრებაში პატარა დანაც კი არ მიტარებია, ჩემს ჯიბეში მხოლოდ ცარცი მოიძებნებოდა და ვცდილობდი ისეთი მოსწავლე აღმეზარდა, რომელიც საქართველოს გამოადგებოდა…განაცხადა სასამართლოზე თვალებზე ცრემლმომდგარმა ჩემმა მეუღლემ და თან დასძინა: -ეს ცრემლები შიშის კი არაა, არამედ სირცხვილის… მე მრცხვენია, რომ დღეს აქ მიწევს ჯდომა!“.
საქართველო ჩვენი მეორე სამშობლოა, აქ დაიბადნენ და იზრდებიან ჩვენი შვილები…ისინი ქართულ სკოლაში ქართველი ბავშვების გვერდით ქართულ ენაზე იღებენ ცოდნას, სწავლობენ წუთისოფლის ავსა და კარგს, ერთმანეთის სიყვარულს, მეგობრობას, ჭირში თანადგომას, ტოლერანტობას… ჩვენ გულით შევიყვარეთ საქართველო… ჰუმანურობითა და ადამიანური ღირებულებებით მდიდარი ქართველი ხალხი. მე და ჩემი მეუღლე საქართველოში ჩამოსვლის პირველი დღიდანვე მხოლოდ და მხოლოდ მოქმედი კანონის ფარგლებში ვასრულებდით ჩვენს პროფესიულ მოვალეობას ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, რაც მთავრობისა და საზოგადების მიერ ყოველთვის დადებითად ფასდებოდა. განსაკუთრებით კი ჩემი მეუღლის მოღვაწეობა. სამწუხაროდ, ამჟამად ის ბრალდებულია იმ დანაშაულის გამო, რომელიც არ ჩაუდენია. ეს ბრალდებები ძალიან მძიმე სატარებელია, რადგანაც ჩვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია სიყვარულს, მშვიდობასა და ტოლერანტობას ეფუძნება. უზომოდ განვიცდით ყველანი, მაგრამ ამ მდგომარეობამ ყველაზე მეტად ბავშვებზე იმოქმედა. როგორც დედა, ვწუხვარ შვილების გამო.
მათ ყოველ დღე ვასწავლი, რომ ჭეშმარიტება და სამართალი ყოველთვის იმარჯვებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბავშვებისათვის საკმაოდ მძიმე თემაა, ისინი ცდილობენ გამიგონ და ყოველ საღამოს, დაძინებამდე გეგმავენ, თუ როგორ დახვდებიან მამას დაბრუნების შემდეგ და ამ ოცნებებით იძინებენ. ჩვენი უმცროსი ვაჟი, რომელსაც აქამდე სიზმარებს არასდროს ყვებოდა, ცნობილი ფაქტების შემდეგ ყოველ ღამე მამასა და სათამაშოებს ხედავს სიზმრად. ახლა კი ახალი წელი დგება…სრულიად საქართველო ზეიმობს, ყველგან სინათლე დამხიარულებაა…. მე და ჩემს შვილებს კი (პირველად ჩვენი ოჯახის არსებობის მანძილზე)მარტო მოგვიწევს ახალი წლის შეხვედრა. ჩვენთვის ეს დღე დღესასწაული არ იქნება,რადგან ჩვენი ოჯახის მამა, უდანაშაულო ადამიანი ციხეში ზის უმძიმესი ბრალდებით დამსოფლიო პოლიტიკის ინტრიგებს ეწირება..
როცა 2017 წლის 31 დეკემბერს ახალი წლის შემობრძანებას მთელი ქალაქი ბედნიერი შეძახილებითა და ფოერვერკებით შეხვდება, როცა ყველა ბედნიერების მეცხრე ცაზე იქნება, მე არ მექნება პასუხი ჩემი შვილების შეკითხვაზე თუ რატომ არ არის მათი მამა ჩვენს გვერდით, რატომ არ განვიცდით იმავეს, რასაც დიდი თუ პატარა…მიუხედავად ყველაფრისა, ვცდილობ საქართველოს დემოკრატიისა და სამართლიანობის მიმართ ჩემი რწმენა და მსოფლმხედველობა დავიცვა ისევე, როგორც ვიცავდი თავიდან. სავსებით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ევროკავშირის გზაზე მყარი ნაბიჯებით მიმავალი კავკასიის ულამაზესი ქვეყანა არასოდეს დაიხევს უკან, არ შეცვლის არჩეულ კურსს და არ მიაყენებს ჩრდილს ჭეშმარიტ და სამართლებლივ შეხედულებებს.
მე მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო ამ რთული პროცესების ქარცეცხლში სიყვარულითა და სითბოთი ჩვენს გვერდით მდგომი ქართველი ხალხისა და ჩვენი მფარველი საქართველოს მთავრობის მიმართ. მაგრამ წინ ჯერ კიდევ რთული გზაა… ჩვენთვის ერთ გამამხნევებელ სიტყვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს… ამიტომ მოგმართავთ როგორც ქალი ქალს, დედა დედას, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად თქვენთან შეხვედრის საშუალება მოგვცეთ.
ამქვეყნად ადამიანების შექმნილი კანონების გარდა, არსებობს მორალური და ზნეობრივი კანონებიც.. მინდა თვალებში ჩაგვხედოთ, დარწმუნდეთ ჩვენს სიმართლეში, გაგვამხნეოთ, გვითხრათ, რომ სიმართლე ძლიერია ტყუილზე, რომ სიკეთე მუდამ იმარჯვებს ბოროტებაზე და ჩვენც შევძლებთ მის დამარცხებას.
არ მინდა უსამართლობამ იზეიმოს, არ მინდა ჩემმა შვილებმა რწმენა დაკარგონ… მათ დღეს ძალიან უჭირთ და მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდებათ….მჯერა, რომ როდესაც ჩემი შვილები მამასთან შეხვედრას იდღესასწაულებენ,საქართველო დემოკრატიისა და სამართლიანობის გამარჯვებას იზეიმებს. გისურვებთ, რომ ახალ წელს ჩვენი დემოკრატიული და სამართლიანი ქვეყნისათვის სიყვარული, მშვიდობა და წარმატებები მოეტანოს! მრავალი ბედნიერი წელი დაგბედებოდეს, ჩემო საქართველო.პატივისცემით, თუბა ჩაბუქი“,- აღნიშნულია ჩაბუქის ღია წერილში.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის მაისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით საქართველოში დააკვეს. მას თურქეთში ბრალად ედება ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის წევრობა, რომელიც თავის მხრივ ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული.