ჭუბერში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
პანელური ხიდის კონსტურქციის მონტაჟი უკვე დასრულებულია. ხიდის საშუალებით, დღის მეორე ნახევარში მდინარის მარცხენა ნაპირზე მძიმე ტექნიკას გადაიყვანენ. სწორედ მარცხენა ნაპირზე შექმნა სტიქიამ განსაკუთრებულად რთული ინფრასტრუქტურული პრობლემები.
ამასთან, ჭუბერში ნაპირსამაგრი და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივებს პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები დაურიგდათ.
რაც შეეხება თემის ენერგომომარაგებას, ელექტროენერგია რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება, რადგან რთული რელიეფის გამო, სპეციალისტები აღდგენით სამუშაოებს ჯერ ვერ ახერხებენ.
ჭუბერში პრობლემები რამდენიმე დღის წინ, მდინარე ნენსკრას ადიდების გამო შეიქმნა. რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა, დაიტბორა გზები, ადიდებულმა მდინარემ საცხოვრებელი სახლები და ხიდები წაიღო. ჭუბერში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწევს კოორდინაციას.