„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის ნებართვა შვედეთმაც გასცა. როგორც შვედეთის მთავრობის ვებგვერდზეა ნათქვამი, „შვედეთს, როგორც ზღვისპირა სახელმწიფოს, არ აქვს უფლება, აუკრძალოს ვინმეს გაზსადენის გაყვანა მის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში“.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სტოკჰოლმი კრიტიკულად არის განწყობილი პროექტის მიმართ, რადგან ის შესაძლოა, არ მოვიდეს თანხვედრაში ევროკავშირის მიზნებთან და კანონმდებლობასთან.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის ნებართვა უკვე გასცა გერმანიამ და ფინეთმაც. რჩება მხოლოდ დანია, რომელიც ამ დრომდე უარს ამბობს რუსული გაზსადენის მშენებლობაზე.
შარშან დანიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია, აკრძალოს გაზსადენის მშენებლობა, თუ პროექტი დანიის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ გამოდის უკრაინა, რომელიც, რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის შემთხვევაში, ეკონომიკურ ზარალთან ერთად, უსაფრთხოების პრობლემებსაც არ გამორიცხავს. რუსული გაზსადენის გაყვანას არ ეთანხმებიან პოლონეთი, ასევე ბალტიისპირეთის სახელმწიფოები. პროექტის მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს აშშ-ის მთავრობაც.