ჩრდილოეთ პოლუსის თავზე დაფიქსირებულია „კოსმოსური ქარიშხალი“ — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება
ჩრდილოეთ პოლუსის თავზე დაფიქსირებულია „კოსმოსური ქარიშხალი“ — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება

პირველად ისტორიაში, დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილში ქარიშხალი დააფიქსირეს. 2014 წელს, მაგნიტოსფეროში თანამგზავრებმა ჩაიწერეს პლაზმის უზარმაზარი, მბრუნავი ნაკადი, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, შემდეგ კი გაქრა.

მართალია, ასეთი რამ აქამდე არასოდეს გვინახავს, მაგრამ მისი დაფიქსირება მიუთითებს, რომ კოსმოსური ქარიშხლები, როგორც მათ უწოდებენ, შეიძლება საკმაოდ გავრცელებული პლანეტური ფენომენი იყოს.

„ამ დრომდე ეჭვი გვეპარებოდა კოსმოსური პლაზმის ქარიშხლების არსებობაში და შესაბამისად, ამის დამტკიცება ასეთი გასაოცარი დაკვირვების შედეგად, უბრალოდ დაუჯერებელია“, — ამბობს ბრიტანეთის რიდინგის უნივერსიტეტის კოსმოსური გარემოს ფიზიკოსი მაიკ ლოკვუდი.

დედამიწის ატმოსფეროს ქვედა ნაწილში ქარიშხლები ხშირია: ამინდის მძლავრი, მბრუნავი სისტემები შედარებით მშვიდ ცენტრთა გარშემო, რასაც თან ახლავს ძლიერი ქარები და თავსხმა წვიმები, რასაც ძალიან მოკლე დროში ძალიან დიდი ზიანის მოყენება შეუძლია.

ისინი უცხო არც სხვა სხეულებისთვის არის — განსაკუთრებით იუპიტერისა და სატურნისთვის, ძლიერ ტურბულენტური პლანეტებისთვის; არ უნდა დაგვავიწყდეს პლაზმის ტორნადოები მზის ატმოსფეროს სიღრმეშიც.

ახალი კვლევის მიხედვით, კოსმოსური ქარიშხლები დიდად არ განსხვავდება თავიანთ ქვედა ატმოსფეროს „ბიძაშვილებისგან“.

ზემოთ ხსენებული კოსმოსური ქარიშხალი 2014 წლის 20 აგვისტოს დაფიქსირდა, მაგრამ მისი გამოვლენა მხოლოდ ახლა, ჩინეთის შანდუნის უნივერსიტეტში მონაცემებზე ჩატარებული რეტროსპექტიული ანალიზებით მოხერხდა. მონაცემების მიხედვით, ქარიშხალი ჩრდილოეთ პოლუსის თავზე გამოჩნდა და დაახლოებით 1000 კილომეტრის დიამეტრზე იყო გადაჭიმული.

ქარიშხალი 110 კმ-დან 860 კმ სიმაღლემდე ვრცელდებოდა და შედგებოდა პლაზმისგან მრავალი სპირალური მკლავით, რომლებიც საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, წამში 2100 მეტრი სიჩქარით მოძრაობდნენ. თუმცა, ცენტრი თითქმის უმოძრაო იყო, ზუსტად ისე, როგორც დედამიწის ატმოსფეროს ქვედა ნაწილის ქარიშხლების შემთხვევაშია.

თუმცა, სხვა ქარიშხლებისგან განსხვავებით, კოსმოსური ქარიშხალი იონოსფეროში ელექტრონებს ისვრის წვიმასავით. ამას კი საოცარი ეფექტი ჰქონდა — ციკლონის ფორმის უზარმაზარი ნათება ქარიშხლის ქვეშ. ეს ყველაფერი თითქმის რვა საათს გაგრძელდა და იონოსფეროში დალექა დიდი ოდენობით ენერგია და იმპულსი.

სხვა მხრივ გარემო პირობები მშვიდი იყო, რაც კიდევ ერთ საიდუმლოს წარმოადგენდა. დედამიწის მაღალ განედებზე კაშკაშა მწვანე ნათებებს ძირითადად წარმოქმნის მზის ქარის დამუხტულ ნაწილაკთა წვიმა იონოსფეროში; თუმცა, ამ მომენტში მზის გარემო პირობები შედარებით მშვიდი იყო. ამიტომ, იმის გასარკვევად, რას შეიძლება გამოეწვია პლაზმის ასეთი აურზაური, მკვლევართა ჯგუფმა მოდელირებას მიმართა.

„ტროპიკული შტორმები დაკავშირებულია დიდი ოდენობით ენერგიასთან; შესაბამისად, ეს კოსმოსური ქარიშხლები წარმოქმნილი უნდა იყოს მზის ქარის ენერგიისა და დამუხტულ ნაწილაკთა უჩვეულოდ დიდი და სწრაფი გადაცემით დედამიწის ზედა ატმოსფეროსთვის“, — განმარტავს ლოკვუდი.

ცნობილია, რომ ხელახლა შერთვად მაგნიტური ველის ხაზებს შეუძლია მზის ქარის ენერგია მაგნიტოსფეროსა და იონოსფეროს გადასცეს; შესაბამისად, ჯგუფმა ამ პროცესის მოდელირება მოახდინა და აღმოაჩინა, რომ პლანეტათშორისი მაგნიტური ველის ხელახლა შერთვას შეუძლია წარმოქმნას ისეთი მახასიათებლები, რომლებსაც ისინი კოსმოსურ ქარიშხალში დააკვირდნენ; თანაც, მათი წარმოქმნა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მზის ქარი სუსტია. უფრო მეტიც, გასაღები შეიძლება სწორეს სუსტი მზის ქარი იყოს, რადგან ის უფრო ეფექტიანი მაგნიტური ხელახლა შერთვის საშუალებას იძლევა.

ეს ასევე ნიშნავს იმასაც, რომ ასეთი შტორმები შეძლება საკმაოდ ხშირი იყოს.

„პლანეტების ატმოსფეროში პლაზმა და მაგნიტური ველები მთელი სამყაროს მასშტაბით არსებობს. შესაბამისად, ეს აღმოჩენა მიუთითებს, რომ კოსმოსური ქარიშხალი საკმაოდ გავრცელებული ფენომენი უნდა იყოს“, — ამბობს ლოკვუდი.

აღმოჩენა შეიძლება საკმაოდ სასარგებლო იყოს ჩვენთვის. თუ გვეცოდინება, რომ პოლარული ნათება შეიძლება კოსმოსურმა ქარიშხალმა გამოიწვიოს და თანაც, როგორ გამოიყურება ეს ნათება, შეიძლება მომავალში სხვა ასეთი შტორმებიც დავაფიქსიროთ.

ასევე ვიგებთ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გეომაგნიტური გარემო პირობები შედარებით მშვიდია, კოსმოსს შეუძლია დაგვატეხოს ექსტრემალური ამინდი, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეზე.

„ეს კვლევა მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ არსებობს ადგილობრივი ძლიერი გეომაგნიტური აშლილობები და ენერგიის დალექვები, დაახლოებით სუპერშტორმების მსგავსი. შედეგად, ახალ ცნობებს ვიგებთ საკმაოდ მშვიდ გეომაგნიტურ გარემოში მზის ქარი-მაგნიტოსფერო-იონოსფეროს შეწყვილების პროცესზე“, — ამბობს შანდუნის უნივერსიტეტის კოსმოსის ფიზიკოსი და კვლევის ავტორი ქინ-ჰე ჟანგი.

მისივე განცხადებით, კოსმოსური ქარიშხალი უნდა იწვევდეს კოსმოსური ამინდის მნიშვნელოვან ეფექტებს, მაგალითად, აშლილობებს მაღალი სიხშირის რადიოკომუნიკაციებში, ხარვეზების რაოდენობის ზრდას ჰორიზონტს გადაღმა რადარულ ლოკაციებში, თანამგზავრულ ნავიგაციასა და საკომუნიკაციო სისტემებში.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.