ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პროდასავლურ და ნაციონალისტ კანდიდატებს შორის გაიმართება
ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მმართველი პარტიის პროდასავლური კანდიდატი სტევო პენდაროვსკი ლიდერობს.
წინასწარი შედეგებით, მან ხმების 45% მიიღო. მისმა მთავარმა მეტოქემ, ოპოზიციის კანდიდატმა გორდანა სილანოვსკა-დავკოვამ ხმების 41% დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა. „ალბანელების ალიანსის“ მიერ მხარდაჭერილი ბლერიმ რეკა მესამე ადგილზე გავიდა. მას ამომრჩეველთა 11,7%-მა დაუჭირა მხარი.
მმართველი პარტიის კანდიდატ პენდაროვსკის საარჩევნო კამპანიის დროს მთავარი დაპირება ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია იყო. ოპოზიციის კანდიდატი სილანოვსკა-დავკოვა საბერძნეთთან ქვეყნის სახელწოდების შეცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, შეთანხმების გადახედვის ინიციატივით გამოვა.
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 5 მაისს, პირველ და მეორე ადგილებზე გასულ კანდიდატებს შორის გაიმართება. ეს საბერძნეთთან მიღწეული შეთანხმებისა და ქვეყნის სახელწოდების შეცვლის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარებული პირველი არჩევნები იყო.