ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი - ხვალ ყველაფერი ტაქტიკაზე იქნება დამოკიდებული
ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარმა მწვრთნელმა, იგორ ანგელოვსკიმ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო გუნდთან ევრო2020-ის ისტორიულ შეხვედრამდე „დინამო-არენას“ მედიადარბაზში პრესკონფრენეცია გამართა.
საქართველოს ნაკრებს უფრო მეტი დანაკლისი აქვს თუ ჩრდილოეთ მაკედონიას? ვაისი უფრო გამოცდილია თავის მეტოქეზე და ეს საკითხი თამაშზე რა გავლენას მოახდენს? – ანგელოვსკიმ ამ კითხვებს უპასუხა.
„არ დავაკონკრეტებ, ვინ ითამაშებს. საუკეთესოებს შევარჩევ მათი რიგებიდან, ვინც ჩამოვიყვანეთ. ვაისს დიდ პატივს ვცემ, რადგან დიდ შედეგს მიაღწია შედარებით მწირი რესურსით, ისეთივე რესურსით, როგორც ჩვენ გაგვაჩნია. რა დამანახა წინა ორმა თამაშმა? ბოლო ორი თამაში იყო შანსი,ერთმანეთი შეგვესწავლა და ერთმანეთის კარგად ვიცნობთ. ხვალ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინც უკეთეს ტაქტიკას შეარჩევს“, – ამბობს ანგელოვსკი.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელს გამოავლენს, 12 ნოემბერს, 21 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟი FM 102,3-ზე განხორციელდება.