იგორ ანგელოვსკი - სკოპიეში საქართველოსთან რაღაცები დავმალეთ, მეტოქე შევისწავლეთ და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ
იგორ ანგელოვსკი - სკოპიეში საქართველოსთან რაღაცები დავმალეთ, მეტოქე შევისწავლეთ და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იგორ ანგელოვსკიმ გამოცემა „სპორტმედიასთან“ ინტერვიუში საქართველოს ნაკრებთან „ევრო2020“-ის პლეიოფის ფინალურ დაპირისპირებაზე ილაპარაკა, რომელიც 12 ნოემბერს, თბილისში, „დინამო-არენაზე“ გაიმართება.

„საქართველოსთან ჩემი გუნდი გამარჯვებისთვის 200 პროცენტით დაიხარჯება. ბედნიერი ვარ, რომ ამ ბიჭებთან ერთად წარმატებამდე ერთი ნაბიჯი მაშორებს. ახლა ყველამ ვიცით, რას ნიშნავს ეს შეხვედრა და არ გვინდა, რომ ფეხბურთელებმა ზედმეტი წნეხი იგრძნონ. მაგრამ ეს მატჩი ჩვენთვის ისტორიული არ არის. ისტორიული იქნება პირველი თამაში, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე 13 ივნისს ავსტრიასთან გავმართავთ – რა თქმა უნდა, თუ თბილისში მოვიგებთ, მე კი ამის მჯერა“, – აცხადებს ანგელოვსკი.

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარი მწვრთნელის თქმით, სანაკრებო სიაში არაფერს შეცვლის:

„შემადგენლობას 6 ნოემბერს დავასახელებ – ექსპერიმენტები არ იქნება. მე ექსპერიმენტების მოყვარული მწვრთნელი არ ვარ და ამას არც თბილისში შევეცდები. ორი თვის განმავლობაში, ორი შეხვედრა ზედიზედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. ახლა ველით, რომ გავიმარჯვებთ“.

მან საქართველოს ნაკრებზეც ილაპარაკა:

„ეს გამოცდილი მწვრთნელის ხარისხიანი გუნდია. სკოპიეში გარკვეული ტაქტიკური იდეები დავმალეთ. ამასთან, საქართველო დეტალურად შევისწავლეთ. ვიცით, რა არის შესაძლებელი, ვიცით, რა უნდა გაკეთდეს. მაგრამ განცხადებებს, რომ ჩვენ უკეთესები ვართ, ჩემგან ვერ მოისმენთ. მთავარია, თბილისში უძლიერესი შემადგენლობით წავიდეთ“.

მისი თქმით, თბილისში ყველა სახის სცენარისა და ზემოქმედებისთვის მზად არიან – ამაში ანგელოვსკიმ არასაფეხბურთო მომენტები იგულისხმა და მიანიშნა, რომ ესტონელებმა სამ ბალკანელ ფეხბურთელზე კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მოუგონეს:

„მზად ვართ, რომ არ განმეორდეს ის, რაც ტალინში მოხდა ესტონეთთან მატჩამდე, როდესაც მასპინძელმა ჩვენს სამ ფეხბურთელს Covid-19-ზე დადებითი პასუხი „დაუდასტურა“. საერთოდ, მზად ვართ ყველა სცენარისა და ნებისმიერი ზემოქმედებისთვის. ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს ეს მატჩი საქართველოსთვისაც. ამიტომ გუნდის წევრები ტესტებს გაიკეთებენ და იმედი მაქვს, ტალინის მსგავსი ამბები აღარ გამეორდება“.