ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობამ სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო
ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, გადაწყვეტილება სკოპიეში დაგეგმილ ეუთო-ს მინისტერიალთან დაკავშირებით მიიღეს, რომელსაც სერგეი ლავროვი და რუსული დელეგაციის სხვა წევრები დაესწრებიან.
მთავრობაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება შეესაბამება ევროკავშირის რეგლამენტს, რომელიც საერთაშორისო კონფერენციების დროს რუსეთის მიმართ დაწესებული შეზღუდვებიდან გამონაკლისის დაშვებას ითვალისწინებს.
მედიის ინფორმაციით, სკოპიეში 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე დაგეგმილ ეუთო-ს მინისტერიალზე დასწრებას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, კიდევ 17 რუსი დიპლომატი და 24 რუსი ჟურნალისტი გეგმავს.
ცნობისთვის, შარშან ეუთო-ს მინისტერიალი პოლონეთში გაიმართა და ვარშავამ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ქვეყანაში შეშვებაზე უარი განაცხადა.