ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. პრეზიდენტობისთვის შვიდი კანდიდატი იბრძვის. ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა მოქმედ პრეზიდენტს, სტევო პენდაროვსკის 3,6%-ით უსწრებს.
კენჭისყრაში მოქმედი პრეზიდენტიც მონაწილეობს, რომელიც მეორე ხუთწლიანი ვადისთვის იბრძვის.
ჩრდილოეთ მაკედონიის 2,3-მილიონიანი მოსახლეობიდან საარჩევნო ასაკის 1,8 მილიონი მოქალაქეა.
საარჩევნო უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 19:00 საათზე დაიხურება. პირველადი შედეგები, სავარაუდოდ, 25 აპრილს გახდება ცნობილი.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არჩევნებში მონაწილე ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს 50%-იან ბარიერს, რომელიც პირველივე ტურში გამარჯვებისთვის არის საჭირო. არჩევნების მეორე ტური კი 8 მაისს გაიმართება.
ჩრდილოეთ მაკედონიამ, მეზობელ ალბანეთთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2022 წელს დაიწყო, ქვეყანას წევრობის კანდიდატის სტატუსი 2005 წლიდან აქვს მოპოვებული.