ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე ოპოზიციამ გაიმარჯვა
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე ოპოზიციამ გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ქვეყანამ კი პირველი ქალი ლიდერი, გორდანა სილიანოვსკა აირჩია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი, სტევო პენდაროვსკი დაამარცხა და ხმების 42% მიიღო.
ოპოზიციური პარტიის ოფისთან ასობით მხარდაჭერი შეიკრიბა, რომელთაც სიტყვით მემარჯვენე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მიმართა.
„ძვირფასო ხალხო, ჩვენ ეს მოვახერხეთ. მაკედონიამ გაიმარჯვა. ეს არის ხალხის ისტორიული გამარჯვება“, – განუცხადა პარტიის ლიდერმა შეკრებილებს.
როგორც „როიტერი“ წერს, ოპოზიციის გამარჯვების მიზეზი გახდა ის, რომ მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა და ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრა.
ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს წევრი 2020 წელს გახდა, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანებაზე დაბრკოლებას საბერძნეთისა და ბულგარეთის მხრიდან შეხვდა.