ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო გაზეთმა დონალდ ტრამპს კაცთმოძულე უწოდა
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო გაზეთმა დონალდ ტრამპს კაცთმოძულე უწოდა

„დონალდ ტრამპმა თავისი ნამდვილი სახე გამოააშკარავა. ის არის ბებერი მთვარეული, უღირსი და კაცთმოძულე თაღლითი“, – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო გაზეთმა კორეის ნახევარკუნძულზე დონალდ ტრამპის ვიზიტთან დაკავშირებით დაწერა.

მართალია, დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ კიმ ჩენ ინის შეურაცხყოფა არ უცდია, ჩრდილოეთ კორეაში ასე არ ფიქრობენ.

გასულ კვირას, სამხრეთ კორეის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა კიმ ჩენ ინი და მისი რეჟიმი გააკრიტიკა.

„ყველაზე მძიმე დანაშაული, რაც არასდროს ეპატიება ის არის, რომ მან(ტრამპმა) გაბედა და შეურაცხყო ჩრდილოეთ კორეის უზენაესი ლიდერის ღირსება“, – წერენ სახელმწიფო გამოცემაში.

იქვე ტრამპს „ბებერ ფულის მონას“ უწოდებენ და გმობენ მის საქციელს, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა „ჩრდილოეთ კორეის მზისკენ თითის გაშვერა იკადრა”.

„ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ ის უბრალოდ შემზარავი კრიმინალია და კორეელმა ხალხმა მას სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. ეს მკრეხელობა ძვირად დაუჯდება“,- წერენ ჩრდილოეთ კორეულ გამოცემაში.

მანამდე, ოფიციალურმა ფხენიანმა აშშ-ს მიანიშნა, რომ მათ ნებისმიერ წამს შეუძლიათ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებით დაესხან თავს, თუ აშშ არ შეწყვეტს იმ ქმედებებს, რომელთაც ფხენიანი ჩრდილოეთ კორეის მიმართ აგრესიად აფასებს.