ჩრდილოეთ კორეაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ქვეყნის მოსახლეობამ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო უნდა განაახლოს, თუმცა რეალურად ამომრჩევლებს დიდი არჩევანი არ აქვთ. თითოეული რაიონიდან პარლამენტში მოსახვედრად ერთი კანდიდატი, მმართველი პარტიის წევრი არის წარდგენილი.
სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დღის პირველ ნახევარში საკუთარი არჩევანი დარეგისტრირებული ამომრჩევლების 57-მა პროცენტმა გააკეთა.
დამკვირვებლები ჩრდილოეთ კორეაში მიმდინარე პროცესს ფორმალურ არჩევნებს უწოდებენ. კიმ ჩენ ინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მსგავსი ტიპის არჩევნები რამდენიმე წლის წინაც ჩატარდა.
ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი სახალხო კრება ქვეყანაში სახელმწიფოს უზენაეს ორგანოდ არის მიჩნეული, თუმცა მისი მოვალეობები ნომინალურია. სახალხო კრება წელიწადში მხოლოდ ორჯერ იმართება, მიზანი კი ლიდერის მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილებების რატიფიცირებაა.