ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დაგეგმილი მოლაპარაკებები გააუქმა, ხოლო აშშ გააფრთხილა
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დაგეგმილი მოლაპარაკებები გააუქმა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მოლაპარაკებების გაუქმების მიზეზი სამხრეთ კორეისა და აშშ-ს ერთობლივი სამხედრო წვრთნები გახდა, რასთან დაკავშირებითაც კიმ ჩენ ინმა უკმაყოფილება გამოთქვა.
ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების სააგენტო KCNA წერს, რომ ერთობლივი სამხედრო წვრთნები არის პროვოკაცია.
ამასთან, როგორც BBC წერს, ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ს კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის დაგეგმილი შეხვედრა შეახსენა და მიანიშნა, რომ აღნიშნულ მოლაპარაკებებსაც საფრთხე ემუქრება. აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრა სინგაპურში 12 ივნისისთვის არის ჩანიშნული.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კიმ ჩენ ინისა და დონალ ტრამპის დაგეგმილი შეხვედრა ძალაშია და ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა.
აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
აშშ-სა და სამხრეთ კორეის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ აღნიშნული წვრთნები ეფუძნება თავდაცვის სფეროში 1953 წელს გაფორმებულ შეთანხმებას. ამასთან, ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ერთობლივი სამხედრო წვრთნები მიზნად ისახავს მათი მზაობის გაძლიერებას მოსალოდნელ საფრთხეებთან საბრძოლველად.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის ისტორიული შეხვედრა 27 აპრილს შედგა.
კიმ ჩენ ინი პირველი ჩრდილოეთ კორეელი ლიდერი გახდა, რომელმაც 1953 წლის კორეის ომის შემდეგ ნახევარკუნძულის გამყოფი სამხედრო ხაზი გადაკვეთა. საზღვართან მას სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი დახვდა.
შეხვედრაზე ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეა სრულ ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ.