ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ს კორეის ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების ნაწილები გადასცა
ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ს კორეის ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების ნაწილები გადასცა

ჩრდილოეთ კორეამ ამერიკის შეერთებულ შტატებს კორეის ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების ნაწილები გადასცა. ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება.

„ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავი C-17 ჩრდილოეთ კორეიდან დაბრუნდა. ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების ნაწილებს ოსანის ავიაბაზაზე გადაასვენებენ, სადაც ოფიციალური ცერემონია გაიმართება“, – აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩრდილოეთ კორეაში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების ნეშტების მოძიების და მათი ვაშინგტონისთვის გადაცემის შესახებ ორი ქვეყანა 12 ივნისს სინგაპურში, ისტორიული სამიტის დროს შეთანხმდა. დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ომის დროს დაღუპული ამერიკელი სამხედროების ნაწილების სამძებრო სამუშაოების და უკვე იდენტიფიცირებული ჯარისკაცების ნეშტების სამშობლოში დაბრუნების შესახებ არის საუბარი.

1950-1953 წლებში, კორეის ომის დროს 36 600 ამერიკელი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. პენტაგონის ინფორმაციით, დაახლოებით 5 000 მათგანის ნეშტები ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზეა.