ჩრდილოეთ კორეა მათ მიმართ სანქციების გაგრძელებაზე აშშ-ის მოწოდებას საგანგაშოდ აფასებს
ჩრდილოეთ კორეა მათ მიმართ სანქციების გაგრძელებაზე აშშ-ის მოწოდებას საგანგაშოდ აფასებს

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის ქმედებებს საგანგაშოდ აფასებს – ასე ეხმაურება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი რი იონ-ჰო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიერ სინგაპურში, რეგიონულ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას. მაიკ პომპეომ ქვეყნებს მოუწოდა, ფხენიანის მიმართ სანქციებით ზეწოლა განაგრძონ. მაიკ პომპეოს განმარტებით, ეს მნიშვნელოვანია კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღებისთვის.

რი იონ-ჰო აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეა მტკიცედ ასრულებს ვალდებულებას, რომელიც ივნისში დონალდ ტრამპსა და კი ჩენ ინს შორის გამართულ ისტორიულ სამიტზე აიღო. თუმცა, განსხვავებულია გაერო-ს მიერ მომზადებული ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული პროგრამის განვითარებას კვლავ განაგრძობს. დამოუკიდებელი ექსპერტები ნახევარი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამის გარეშემო არსებულ სიტუაციას. სპეციალისტების დასკვნაში აღნიშნულია, რომ ფხენიანს არც ერთ პროგრამაზე მუშაობა ჯერ არ შეუჩერებია. ანგარიშის თანახმად, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აგრძელებს იმ ნაბიჯების გადადგმას, რის გამოც გაერო-მ ქვეყანას მკაცრი სანქციები დაუწესა.

ივლისის ბოლოს აშშ-ის დაზვერვაში რამდენიმე ანონიმურმა წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავრობა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ დადებულ პირობას არ ასრულებს. ამერიკელი მზვერავები აცხადებენ, რომ ფხენიანთან მდებარე ბირთვულ კვლევით ცენტრში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

ბირთვული განიარაღების პირობა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე, 27 აპრილს დადო. ეს თემა ასევე განიხილებოდა აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრაზეც.