ჩრდილოეთ ირლანდიაში ნაციონალისტებმა პოლიციის ავტომობილებს ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები ესროლეს
ჩრდილოეთ ირლანდიაში ნაციონალისტებმა პოლიციის ავტომობილებს ათობით ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუშინეს. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ხელნაკეთი მოწყობილობებით განხორციელებულ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა როგორც ადგილობრივი პოლიცია იუწყება, აფეთქებებს ადამიანების მძიმედ დაშავება შეეძლო. ინციდენტი ქალაქ ლონდონდერიში მოხდა.
აღნიშნულ რეგიონში პრობრიტანელ ლოიალისტებსა და ირლანდიელ ნაციონალისტებს შორის დაპირისპირება თითქმის 30 წელი მიმდინარეობდა. ირლანდიელ ნაციონალისტებს რეგიონის ირლანდიასთან გაერთიანება სურდათ. 1998 წელს მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს, რამაც 30-წლიანი დაპირისპირება დაასრულა.
ბოლო რამდენიმე თვეა, ჩრდილოეთ ირლანდიაში მსგავსი თავდასხმები გახშირდა. როგორც „როიტერსი“ იუწყება, დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებამ ირლანდიის რესპუბლიკასთან არსებულ საზღვართან ვითარება შესაძლოა, კიდევ უფრო გაამწვავოს და არსებული დაპირისპირება გაღრმავდეს.