ჩრდილოეთ ირლანდიაში მოკლული ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს.
როგორც „როიტერი“ წერს, ადგილობრივი სამართალდამცავი უწყების ცნობით, 18 და 19 წლის ასაკის ეჭვმიტანილებს ტერორისტული აქტის განხორციელებაში ადანაშაულებენ, რასაც ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ლონდონდერიში არეულობა გუშინ მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, არეულობა მაშინ დაიწყო, როცა კრეგენის რაიონში სამართალდამცველები რეიდის ატარებდნენ. თავდამსხმელები სამართალდამცველების მიმართულებით ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს ისროდნენ. ისმოდა სროლის ხმებიც.
ქაოსის დროს ადგილზე რამდენიმე ასეული პირი იმყოფებოდა. მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც მოვლენებს აშუქებდნენ. სწორედ ამ დროს, 29 წლის ჟურნალისტი ლირა მაკკი ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაიჭრა.
როგორც ბრიტანული მედია წერს, ლირა მაკკი საგამოძიებო ჟურნალისტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. ახლო მომავალში რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წიგნის გამოცემასაც აპირებდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლები სავარაუდოდ, დისიდენტური მოძრაობა „ირლანდიის ახალი რესპუბლიკური არმიის“ წევრები არიან. ისინი ირლანდიის რესპუბლიკის და დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში არსებული ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებას უჭერენ მხარს.
ისინი „ირლანდიის რესპუბლკური არმიის“ მიერ მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან, რომელმაც რეგიონში 30 წლიანი კონფლიქტი დაასრულა. აღნიშნული შეთანხმება კი, 1998 წელს სწორედ კათოლიკურ წითელ პარასკევს დაიდო.