ჩრდილოეთ ირლანდიაში ჟურნალისტის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ირლანდიის ახალმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო
ჩრდილოეთ ირლანდიაში ჟურნალისტის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ირლანდიის ახალმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. ორგანიზაციის განცხადება გამოცემა „აირიშ ნიუსში“ გამოქვეყნდა.
„მტრის თავდასხმის დროს ლირა მაკკი ტრაგიკულად დაიღუპა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ჟურნალისტი მოწინააღმდეგე ძალებთან ძალიან ახლოს იდგა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ჩრდილოეთ ირლანდიელი ჟურნალისტი, ლირა მაკკი 19 აპრილს არეულობის დროს დაიღუპა. ქალაქ ლონდონდერიში სამართალდამცველები დისიდენტი „რესპუბლიკელების“ სახლებში ოპერაციას ატარებდნენ, რაც 100-მდე პირმა გააპროტესტა. პროტესტი მალევე დაპირისპირებასა და არეულობაში გადაიზარდა. დისიდენტმა „რესპუბლიკელებმა“ სამართალდამცველებს მაშხალები და ხელნაკეთი აალებადი მოწყობილობები დაუშინეს.
პოლიციამ ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა. თუმცა მოგვიანებით, 18 და 19 წლის პირები ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს.
ბრექსიტის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე არსებობს რისკი, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში ვითარება გამწვავდება. კერძოდ, ირლანდიის რესპუბლიკასა და დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში არსებულ ჩრდილოეთ ირლანდიის პროვინციას შორის რაიმე ტიპის ბარიერის წარმოქმნა დისიდენტი რესპუბლიკელების გააქტიურებას გამოიწვევს.