ჩრდილოეთ ირლანდიაში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ ირლანდიაში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ იუწყება, რომ პოლიციამ გამოიყენა რეზინის ტყვიებიც.
ბელფასტში არეულობის დროს დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს.
ჩრდილოეთ ირლანდიის იუსტიციის მინისტრმა აქციის მონაწილეებს „ნაციონალისტი ახალგაზრდები“ უწოდა და ისინი პოლიციელებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
არეულობის შეწყვეტის მოთხოვნით გამოვიდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც.
ბელფასტში არეულობა უკვე ერთი კვირაა გრძელდება. მასში ქალაქის პროტესტანტულ და კათოლიკურ ნაწილში მცხოვრები ახალგაზრდები მონაწილეობენ. „ასოშიეთიდ პრესის“ ცნობით, აქციებში მონაწილეობენ 12-13 წლის ბავშვებიც. 7 აპრილს მათ ავტობუსი დაწვეს. ხელისუფლების ცნობით, ისინი ასევე თავს დასხდნენ ერთ-ერთ ფოტოგრაფს. რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე შეტაკებების დროს 55 პოლიციელი დაშავდა.
პოლიციასთან დაპირისპირების და არეულობის მოწყობის მიზეზად „ირლანდიის რესპუბლიკური არმიის“ ყოფილი წევრის დაკრძალვა იქცა, რომელიც ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობდა. დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობდნენ კათოლიკური პროირლანდიური პარტიის „შინ ფეინის“ მაღალჩინოსანი პოლიტიკოსები. პროკურატურამ გადაწყვიტა, პასუხისგებაში არ მიეცა დაკრძალვაში მონაწილე მაღალჩინოსნები, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის წესები დაარღვიეს, ამან კი პროტესტანტების უკმაყოფილება გამოიწვია.