ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნები გაერო-ს მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნები გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადების სრული ტექსტი ლიეტუვის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებას ხელს აწერენ ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნები: დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. ასევე, განცხადებას უერთდებიან ბულგარეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, რუმინეთი და ნიდერლანდები.
განცხადების ხელმომწერები ადასტურებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას და მწუხარებას გამოთქვამენ, რომ რუსეთი კვლავ არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში კვლავ ინარჩუნებს სამხედრო ძალებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაცია სერიოზული შეშფოთების საგანს წარმოადგენს. ევროპის ქვეყნები აღნიშნავენ რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებს აფხაზეთსა და ცხინვალში, მათ შორის „ბორდერიზაციას“, უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს, რომელთაგან ზოგს ფატალური შედეგი მოჰყვა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, ეთნიკურად ქართველების ფუნდამენტური უფლებების დარღვევას.
განცხადების ავტორები ეთანხმებიან გაერო-ს გენერალური მდივნის ანგარიშის დასკვნას, რომლის თანახმადაც, დევნილებისა და ლტოლვილების ნებაყოფლობით, უსაფრთხო, ღირსეულ და შეუფერხებელ დაბრუნებასთან დაკავშირებით პროგრესი მიღწეული არ არის. როგორც ტექსტშია ნათქვამი, იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან დევნილებისა და ლტოლვილების შესახებ პირველი რეზოლუციის მიღებიდან ათ წელზე მეტია გასული, ასობით ათას დევნილს კვლავ წართმეული აქვს საკუთრების უფლება, ასევე უფლება, უსაფრთხოდ, ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნდნენ წარმოშობის ადგილას.
განცხადების ხელმომწერები საუბრობენ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირების დაცვასა და დახმარებაზე მუშაობს გაგრძელების აუცილებლობაზე.
ამ კონტექსტში განცხადების თანაავტორები მიესალმებიან საქართველოს მთავრობის ძალისხმევის გაგრძელებას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, დანერგოს ალტერნატიული ხანგრძლივი გადაწყვეტილებები, რომლებიც დევნილებს ადგილობრივად ინტეგრაციის ან ცალკეულ შემთხვევებში, ქვეყნის ტერიტორიაზე გადასახლების საშუალებას მისცემს.
ევროპული სახელმწიფოები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ამ დრომდე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის არც ერთ საერთაშორიო მექანიზმს არ აქვს შეუფერხებელი წვდომა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე. განცხადების ხელმომწერები მხარდაჭერას უცხადებენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებენ, გაააქტიურონ ძალისხმევა უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე პროგრესის მისაღწევად. ავტორები კვლავ შეშფოთებულები არიან, რომ რუსეთი, ასევე დე ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლები კვლავ უარს ამბობენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე დევნილებისა და ლტოლვილების საკითხის განხილვაზე.
განცხადებაში ხაზგასმულია ერგნეთსა და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობა და მათი როლი ადგილებზე მწვავე პრობლემების გადაჭრაში. ხელმომწერები აღნიშნავენ 2020 წლის 30 ივლისს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის განახლებას და ხაზს უსვამენ შეყოვნებისა და წინასწარი პირობების გარეშე გალის შეხვედრების განახლების აუცილებლობას.
ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.