ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის დაუსახლებელი ზონა იშვიათ მცენარეთა და ცხოველთა ნამდვილ სამოთხედ იქცა — #1tvმეცნიერება
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებულ დემილიტარიზებულ ზონაში ამჟამად არავინ ცხოვრობს. ზუსტად ეს გახდა იმის მიზეზი, რომ კორეის ომიდან 70 წლის შემდეგ, ხმელეთის ამ ხელუხლებელ მონაკვეთზე ფლორისა და ფაუნის იშვიათი სახეობები ყვავიან.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის აქტიური საომარი მოქმედებების შეწყვეტის 70 წლისთავის აღსანიშნავად გამოქვეყნებულ ახალ ფოტოებზე ჩანს ველური ბუნების ნამდვილი სამოთხე, რომელიც ორ ქვეყანას შორის ღობეებითა და ნაღმებით შემოსაზღვრულ 275 კმ სიგრძის ბუფერულ ზონაში ყვავის.
ფოტოები Google Arts & Culture-მა და სამხრეთ კორეის რამდენიმე დაწესებულებამ გამოაქვეყნა და ასახავს ბიომრავალფეროვნების მაღალ დონეს 901 კვადრატული კილომეტრის ფართობზე, რომელიც უკვე ათწლეულებია, ხელუხლებელია.
„კორეის ომის შემდეგ, უკვე 70 წელია, რაც დემილიტარიზებულ ზონაში ადამიანთა ჩარევა მინიმალურია და დაზიანებულმა ბუნებამ თავად აღიდგინა თავი. შედეგად, ჩამოყალიბდა ახალი ეკოსისტემა, რომელიც ქალაქების გარშემო არ გვხვდება და ველური ბუნების ნაკრძალად გადაიქცა“, — წერს Google Arts & Culture.
პროექტი მნახაველებს ამ რეგიონში ვირტუალურ ტურსაც სთავაზობს.
დემილიტარიზებული ზონაა ამჟამად „კორეისთვის სრულიად უნიკალური“ მცენარეებისა და ცხოველების სახლია, რომელთა 38 პროცენტიც საფრთხის ქვეშ მყოფად ითვლება.
სამხრეთ კორეის ეკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მიერ დამონტაჟებულ უპილოტო კამერების მიერ გადაღებილ მასალაში ჩანან საფრთხის ქვეშ მყოფი წეროები, მუშკი ირმები, დათვები, მთის თხები, მდინარეში თავისუფლად მონავარდე წავები; საკმაოდ მრავალფეროვანია მათი ჰაბიტატი, რომელიც მოიცავს თოვლიან მთებს, ჭარბტენიან ადგილებსა და ტყეებს.
პირველად ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ამ კამერებმა ასევე გადაიღო ჰიმალაური დათვი, რომლის რაოდენობაც სწრაფად მცირდება საცხოვრებელი გარემოს განადგურების გამო.
საერთო ჯამში, ამ ზონაში ბინადრობს ველური მცენარეების, ძუძუმწოვრების, ფრინველების, ამფიბიების, ქვეწარმავლების, მტკნარი წყლის თევზის, ფსკერის ბინადარი მაკროუხერხემლოებისა და ობობების 6168 სახეობა.
გარემოსდაცვითი ორგანიზაციები და მკვლევრები დემილიტარიზებულ ზონაში ნაკრძალის შექმნის მოწოდებით გამოდიან, მაგრამ ამას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ამის გარკვეულ იმედს 2018 წელს წარმოებული სამშვიდობო მოლაპარაკებები აჩენს, ორ ქვეყანას შორის ომი ოფიციალურად ჯერ არ დასრულებულა, რადგან კონფლიქტი 1953 წელს ზავით დასრულდა და არა სამშვიდობო ხელშეკრულებით.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.