ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შავ ზღვაში დაზვერვას გააძლიერებს, მათ შორის სადაზვერვო თვითმფრინავებისა და დრონების გამოყენებით
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შავ ზღვაში დაზვერვას გააძლიერებს, მათ შორის სადაზვერვო თვითმფრინავებისა და დრონების გამოყენებით

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შავ ზღვაში დაზვერვას გააძლიერებს, მათ შორის სადაზვერვო თვითმფრინავებისა და დრონების გამოყენებით, – ამის შესახებ ნათქვამია ნატო-უკრაინის საბჭოს რიგით მეორე სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ პროტოკოლში.

აღნიშნული სხდომა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციტივით გაიმართა და რუსეთის ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის თემას ეძღვნებოდა.

სხდომის მონაწილეებმა მოსკოვის ეს გადაწყვეტილება და რუსეთის მცდელობა, შეაჩეროს უკრაინის სოფლის მეურნეობის ექსპორტი, მკაცრად დაგმეს.

ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაზე განხილული იყო რამდენიმე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა, რომელიც მიმართულია უკრაინული მარცვლეულის ხმელეთით და ზღვით ექსპორტის გაგრძელებისკენ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონში „სახიფათო და ესკალაციურ“ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. მან მოუწოდა მოსკოვს, შეწყვიტოს „შიმშილის იარაღად გამოყენება“ და პირობა დადო, რომ კიევის მხარდაჭერა გაძლიერდება.