კიმ ჩენ ინი - ჩრდილო კორეა დადებითად აფასებს პუტინის პოლიტიკას, რომელიც აშშ-ის დომინირებას ეწინააღმდეგება
ჩრდილო კორეა დადებითად აფასებს პუტინის ხელმძღვანელობის პოლიტიკას, რომელიც აშშ-ის დომინირებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ჩრდილო კორეის ლიდერმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ ყოველთვის ვაწარმოოთ მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან ამ მიმართულებით“, – აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.
ჩრდილო კორეის ლიდერმა ასევე თქვა, რომ რუსეთის დელეგაციის ვიზიტი განსაკუთრებულ დროს მოხდა, როდესაც კორეის ნახევარკუნძულზე ვითარება უკეთესობისკენ იცვლება. თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ორ კორეას შორის აპრილში გაფორმებულ დეკლარაციას პოზიტიურად აფასებს.
ლავროვმა კიმ ჩენ ინი რუსეთში დაპატიჟა.