საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭოპორტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა. როგორც შსს-ის ინფორმაციაშია ნათქვამი, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ლ.ქ. ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დუშეთში დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 თებერვალს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფისა და დანის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა დედას – 1957 წელს დაბადებულ ც.ქ.-სა და დას – 1977 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე ქალი გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაული ჩადენის იარაღები – სანადირო თოფი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.