ჭონქაძის ქუჩაზე ვილნიუსის სკვერის სრული რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
ჭონქაძის ქუჩაზე ვილნიუსის სკვერის სრული რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

მთაწმინდის გამგეობამ ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ვილნიუსის სკვერის სრული რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

ამ ეტაპზე სკვერში არსებული ძველი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი და ტერიტორიიდან გატანის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „გრინსერვისი“ ახორციელებს.

მოსამზადებელ სამუშაოებს მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე, საქართველოში ლიეტუვის ელჩთან, გიედრიუს პუოჯუნასთან და პროექტის ავტორთან, არქიტექტორ რიტის ციკანავიჩიუსთან ერთად გაეცნო.

პროექტს, რომელიც თბილისს ლიეტუვურმა მხარემ საჩუქრად გადასცა, მთაწმინდის გამგეობა აფინანსებს. პროექტის ღირებულება 960 ათასი ლარია.

ვილნიუსის სკვერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდება, მისი შიდა სივრცე ლიეტუვის კულტურულ სახეს ასახავს. სკვერში მოეწყობა დეკორატიული შადრევანი, სადაც ვილნიუსის ანგელოზის ქანდაკება დაიდგმება. ტერიტორიაზე მთლიანად შენარჩუნდება მწვანე საფარი და გაშენდება ახალი ნარგავები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო ზონების მოწყობას – დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის ატრაქციონები, მათ შორის, საქანელა შშმ პირებისთვის. მოეწყობა მუსიკალური სივრცე ქუჩისთვის ადაპტირებული ლითონის საკრავებით.

სრულიად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სისტემა, მოეწყობა ადაპტირებული წყარო, დამონტაჟდება ელექტრომობილის დამტენი, დაიდგმება თანამედროვე ტიპის ურნები, მათ შორის, ურნა ცხოველთა ექსკრემენტებისთვის.

ვილნიუსის სკვერის სრული რეაბილიტაცია სამ თვეში დასრულდება.