ჭონქაძის ქუჩაზე განზრახ მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით დაიწყო
ჭონქაძის ქუჩაზე განზრახ მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით დაიწყო

ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე გასული წლის ზაფხულში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მ.ი-ს ბრალად ედება, განზრახ მკვლელობა. ასევე, ის ბრალდებულია ცივი იარაღის ტარებაში  განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაში.

საქმე ეხება, 2017 წლის 16 აგვისტოს, თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა მ.ი.-მა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადი გასროლით, ი.ძ.-ს ზურგის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ი. ძ. მიღებული დაზიანებების შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, 14 ნაფიც მსაჯულს შორის განისაზღვრა 12 ძირითადი და ორი  სათადარიგო მსაჯული. ასევე, წილისყრის საფუძველზე, მსაჯულებმა აირჩიეს უფროსი ნაფიცი მსაჯული, რომელიც უხელმძღვანელებს თათბირის პროცედურას და საქმის არსებითად განხილვის დასრულების შემდგომ გამოაცხადებს მსაჯულთა ვერდიქტს. დღესვე, მსაჯულებმა  ფიცი დადეს. კანონით დადგენილი პროცედურების შემდგომ, ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვები წარადგინეს და დაიკითხა ბრალდების ერთი მოწმე.

საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 2018 წლის 23 აპრილს 11:00 საათზე გაიმართება.