ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლით არის დაწყებული, რაც იძულებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის დირექციის თანხმობით, სკოლის მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა. აღნიშნულმა პირმა ბავშვები ჩხოროწყუს მერიის პირველ სართულზე, საპირფარეშოში შეიყვანა. მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაინტერესდა, თუ რატომ იყვნენ ბავშვები მერიის საპირფარეშოში და რატომ ჰქონდათ საწმენდი საშუალებები თან, რის შემდეგაც ბავშვები ტერიტორიიდან გაიყვანეს. ფაქტის შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მერია არ იყო საქმის კურსში და როგორც კი ფაქტის შესახებ გაიგეს, ბავშვები ტერიტორიიდან გაიყვანეს. დათო გოგუას თქმით, რომ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო და აუცილებლად უნდა გაირკვეს, რატომ მიიყვანა აღნიშნულმა პირმა ბავშვები მერიაში.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტს სწავლობს განათლების სამინისტროც.