ჩხეტიანმა „ტორპედოს“ ხელი დაატყო - ქუთაისელებმა „საბურთალო“ დაამარცხეს #1TVSPORT
ჩხეტიანმა „ტორპედოს“ ხელი დაატყო - ქუთაისელებმა „საბურთალო“ დაამარცხეს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 21-ე ტური გორში გამართული მატჩით დასრულდა – „საბურთალომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და დამარცხდა.

„თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართულ შეხვედრაში სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი ვიხილეთ. პირველივე შეტევაზე ქუთაისელთა რიგებში დაბრუნებულმა მერაბ გიგაურმა ბურთი კარში ძლიერად დაარტყა, მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე გიორგი ქიმაძემ ანგარიში გახსნა 1:0.

„საბურთალო“ მდგომარეობის გამოსწორებას ეცადა და საბოლოოდ, კონტრშეტევაზე ეს მოახერხა. 22-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე შეტევა გიორგი გოჩოლეიშვილმა განავითარა და საჯარიმოში ირაკლი სიხარულიძე მონახა, რომელმაც თავური დარტმით წონასწორობა აღადგინა 1:1.

35-ე წუთზე თბილისელები ლევან ნონიკაშვილმა დააწინაურა, მაგრამ 43-ე წუთზე ქუთაისელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც გიორგი კუხიანიძემ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა 2:2.

მეორე ნახევარი კახა ჩხეტიანის გუნდმა უკეთ ჩაატარა – თორნიკე ახვლედიანმა 78-ე წუთზე „ტორპედო“ დააწინაურა, ხოლო 83-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 4:2 „ტორპედოს“ სასარგებლოდ.

21 ტურის შემდეგ „ტორპედომ“ 27 ქულა დააგროვა, „თელავს“ გადაასწრო და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო მეხუთეადგილოსანსაბურთალოსთან“ (30) სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.