თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთებში ტროტუარი არ არსებობდა და ფეხით მოსიარულეებს სამანქანო გზაზე უწევდათ სიარული.
ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტროტუარი პირველად მოეწყო.
როგორც კალაძემ ქუჩაზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საყრდენი კედლის დამცავი ბილიკი ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ტროტუარია, სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
„ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო და ქილიკობდნენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, ადამიანმა ამ ვიწრო მონაკვეთზე გაიაროს. ეს იყო სიცრუე, რომელიც არაკეთილმოსურნეებმა გაავრცელეს. იმ კონკრეტულ საყრდენ კედელს აქვს სპეციალური პატარა ბორდიური, რომელიც მას ავტომობილის დაჯახებისგან იცავს. რაც შეეხება ტროტუარს, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე იგი არ არსებობდა. მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად ავიღეთ 12 ავტოფარეხი, გაკეთდა ტროტუარი, სადაც მოქალაქეებს გადაადგილება ჩვეულებრივ შეუძლიათ, მათ შორის, ეტლითაც, ასევე ავტომობილებისთვის მოეწყო სპეციალური საპარკინგე ზონა. ეს ტროტუარი არის ყოველმხრივ მოწყობილი და მოპირკეთებული. ერთი რამ მიკვირს, რატომ აწვდიან მოსახლეობას ცრუ ინფორმაციას, დავიჯერო, თბილისში ვერ ნახულობენ მართლა რეალურ პრობლემებს უამრავი პრობლემაა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებას სიმართლე უთხრან, აქტუალურ პრობლემებზე ესაუბრონ, შეცდომაში შეყავთ. ჩვენ არავის მივცემთ მოსახლეობის მოტყუების შესაძლებლობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.