ჩინური ტურისტული სააგენტოს დირექტორი - ჩინეთიდან საქართველოში ტურისტთა რაოდენობის ზრდის დიდ პოტენციალს ვხედავთ
შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა მინისტრ ნათია თურნავასთან. მიგვაჩნია, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს. მომავალში ჩვენ ვხედავთ ჩინეთიდან საქართველოში ტურისტთა რაოდენობის ზრდის პოტენციალს, – განაცხადა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ ტურისტული კომპანიის (Ctrip) უფროსმა დირექტორმა ჩარლზ ლიუმ, რომელიც შანხაიში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას შეხვდა.
ჩარლზ ლიუს განცხადებით, ტურიზმის თვალსაზრისით საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია – მისი ადგილმდებარეობა, სათხილამურო კურორტები, მდიდარი ისტორია, შესანიშნავი საკვები და ღვინო.
„ვგულისხმობ, რომ საქართველოში ტურიზმის უამრავი სექტორია. თქვენ ასევე გაქვთ ბათუმი და ულამაზესი სანაპირო ზოლი“, – აღნიშნა ჩარლზ ლიუმ.
ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოში ადვილია ვიზის მიღება. მისი თქმით, უპირატესობაა ისიც, რომ ქვეყანას უკვე აქვს ელექტრონული ვიზა და პირდაპირი ფრენები პეკინიდან თბილისში, რაც ასევე ძალიან მოსახერხებელია.
„მტკიცედ მჯერა, რომ სულ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვა საქართველოში“, – განაცხადა ტურისტული კომპანიის უფროსმა დირექტორმა.