ჩინეთში სუპერ ტაიფუნ „ლეკიმას“ 13 ადამიანი ემსხვერპლა 16 კი, დაკარგულია
ჩინეთში სუპერ ტაიფუნ „ლეკიმას” 13 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
სტიქიის გამო, რეგიონში მილიონზე მეტი მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა.
სუპერ ტაიფუნი ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილს დაატყდა თავს. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 200-მდე ადგილობრივის გადარჩენა უკვე მოახერხეს. ისინი სტიქიის შედეგად დანგრეული შენობებიდან გამოიყვანეს. რეგიონში 184 სამაშველო ჯგუფი და 36 ათასი მეხანძრე მუშაობს.
სუპერ ტაიფუნის გამო 1800-მდე ავიარეისი გადაიდო.
სტიქიის ზონაში ქარის მაქსიმალური სიჩქარე წამში 52 მეტრს აღწევს. ჩინეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა რეგიონში განგაშის წითელი დონე გამოაცხადა. ქართან ერთად, რეგიონში ძლიერ წვიმას უმკლავდებიან, რაც გარკვეულ ადგილებში წყალდიდობას გამოიწვევს.
ჩინეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, სუპერ ტაიფუნი „ლეკიმა“ საათში 15 კილომეტრის სიჩქარით ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს.