ინჟინერიის გზით გამოყვანილმა ღორებმა, რომლებსაც მცირე ოდენობით მაიმუნის უჯრედებიც ჰქონდათ, ექსპერიმენტის სრულ ფაზას მიაღწიეს, ცოცხლები დაიბადნენ და რამდენიმე დღეც იცოცხლეს. მართალია, ამის შემდეგ გოჭები დაიხოცნენ, მაგრამ როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ჩინეთში ჩატარებული ეს ექსპერიმენტი აღნიშნავს სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისს ლაბორატორიაში ორგანოების გაზრდის სფეროში.
გამოცემა New Scientist-თან საუბრისას, პეკინის ღეროვანი უჯრედებისა და რეპროდუქციული ბიოლოგიის სახელმწიფო ლაბორატორიის მკვლევარმა ტანგ ჰაიმ აღნიშნა, რომ ეს გახლავთ ღორი-მაიმუნის პირველი დღესრული ქიმერა (ორგანიზმი, რომელიც შედგება სხვადასხვა გენოტიპის მქონე უჯრედებისაგან).
აღნიშნული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაო მიეკუთვნება მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე აქტიურ ძალისხმევას, რომ შექმნან ცხოველები, იქნება ეს ცხვრები თუ ღორები, რომლებსაც შეეძლებათ ადამიანის ორგანოების გამოზრდა; შემდეგ კი ეს ორგანოები გამოსადეგი უნდა იყოს ტრანსპლანტირებისთვის. ამ პროცესს ქსენოგენურ ორგანოგენეზს უწოდებენ.
კვლევები უკვე ჩატარებულია ღორისა და ცხვრის ემბრიონებზე, რომლებსაც ადამიანის ღეროვანი უჯრედები ჰქონდათ გადანერგილი. ორივე შემთხვევაში, ემბრიონებმა განვითარება იქამდე განაგრძეს, ვიდრე ექსპერიმენტს განზრახ შეაჩერებდნენ.
ორივე შემთხვევაში, მიზეზი ეთიკური დამოკიდებულება იყო. ეს ქიმერები — ორგანიზმები, რომლებსაც სხვა სახეობის გენეტიკური მასალაც ჰქონდათ, აღარ განავითარეს და შესაბამისად, ვეღარ შეისწავლეს ემბრიონული განვითარების გვიანდელ ფაზაში. ზოგიერთი მეცნიერი შიშობს, რომ ადამიანის ღეროვან უჯრედთა ნაწილი შეიძლება, ცხოველის სხვა ნაწილში, თუნდაც მის თავის ტვინში მოხვდეს და უნებლიე შედეგებით დასრულდეს.
ამ მიზეზის გამო, მკვლევართა ჯგუფმა გამოიყენა ცხრაფეხაჭამია მაკაკების (Macaca fascicularis) ღეროვანი უჯრედები. მათში ჩანერგილი იყო მანათობელი ცილები ისე, რომ უნდა ებრწყინათ ლუმინესცენტური სინათლის ქვეშ და წარმოექმნათ ფლუორესენციური ემბრიონული უჯრედები.
ამის შემდეგ, ეს უჯრედები შეიყვანეს ინ-ვიტრო განაყოფიერების გზით განაყოფიერებულ 4000-მდე ღორის ხუთი დღის ემბრიონებში. მოდიფიცირებული ემბრიონები შემდეგ ღორებს გადაუნერგეს.
ამ ხანგრძლივი და გულმოდგინე შრომის შემდეგ, დღესრულობამდე მიაღწია და ცოცხალი დაიბადა მხოლოდ 10 გოჭი. მათგან ქიმერული მხოლოდ ორი აღმოჩნდა. ერთ მათგანს მაიმუნის 1000 ფუნქციური უჯრედი ჰქონდა, მეორეს კი 10 000.
მაიმუნის უჯრედები მიგრირებული იყო გულში, ღვიძლში, ფილტვებში, ელენთასა და გოჭების პარაზიტთა კანში, მაგრამ არ შეინიშნებოდა სხვა ორგანოებში, მაგალითად, სათესლე ჯირკვლებსა და საკვერცხეებში. მკვლევართა თქმით, ამის მიზეზი ქიმერიზმის დაბალი მაჩვენებელი იყო.
სამწუხაროდ, როგორც ქიმერებმა, ისე დანარჩენმა რვა გოჭმა ერთ კვირასაც ვერ იცოცხლა. ტანგ ჰაის თქმით, იმის გამო, რომ ყველა გოჭი მოკვდა, სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ ნაკლებად იყო ქიმერიზმი და უფრო გამოწვეული იყო ინ-ვიტრო განაყოფიერებით — პროცედურა, რომელიც საკმაოდ რთულია ღორებში.
შემაფიქრიანებელია ქიმერიზმის დაბალი მაჩვენებელიც, მაგრამ მკვლევრები მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ შობადობის მაჩვენებელი დაბალი იყო და გოჭებიც ვერ გადარჩნენ, ჯგუფს ხელთ აქვს ბევრი მონაცემი, რომელთა გამოყენებაც სამომავლო ექსპერიმენტებში შეუძლიათ.
მეცნიერები ექსპერიმენტის გამეორებას კვლავ გეგმავენ, ამჯერად ქიმერული უჯრედების გაზრდილი პროპორციით. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მათი მონაცემები ამ დარგში მომუშავე სხვა მეცნიერებსაც წაადგება.
როგორც ისინი კვლევაში წერენ, სჯერათ, რომ მათი ექსპერიმენტი გზას გაუხსნის იმ პრობლემის დაძლევას, რომელიც ჰეტეროგენული ორგანოების ინჟინერიისას გვხვდება და საბოლოოდ მივაღწევთ მიზანს, რომელიც გულისხმობს ადამიანის ორგანოთა რეკონსტრუქციას დიდ ცხოველებში.
კვლევა ჟურნალ Protein & Cell-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.